10.აგვისტო .2022 20:26

"დროა, ინვესტორებმა აქციები საბირჟო საქონლით ჩაანაცვლონ" - JPMorgan-ის ანალიტიკოსები

"დროა, ინვესტორებმა აქციები საბირჟო საქონლით ჩაანაცვლონ" - JPMorgan-ის ანალიტიკოსები
views 1436
უკან

პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის, ამერიკული JPMorgan Chase & Co.-ს ანალიტიკოსები, რომელთა შორის უოლ-სტრიტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული „ხარი“, მარკო კოლანოვიჩიც არის, მიიჩნევენ, რომ დადგა დრო, როცა ინვესტორებმა საკუთარ პორტფელში არსებული აქციები სხვადასხვა ტიპის საქონლით უნდა ჩაანაცვლონ, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.


JPMorgan-ის აღნიშნული განცხადება ეფუძნება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელფასო ჩარიცხვების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას, ასევე S&P 500-ის ინდექსის მიერ ივნისის შემდეგ დაფიქსირებულ 13%-იანი ზრდას და Bloomberg-ის საქონლის ინდექსის შემცირებას, რომელშიც სხვადასხვა ტიპის საქონელი შედის, ნავთობიდან - სპილენძამდე.

ანალიტიკოსების შეფასებით, ის ფაქტი, რომ კაპიტალის ზრდის მაჩვენებელმა სხვა აქტივების ზრდის მაჩვენებელს გადაუსწრო, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, თანაც რისკიანობის გაზრდის გარეშე. თუმცა ანალიტიკოსების ამგვარმა განცხადებამ არ უნდა დაგაბნიოთ, რადგან მათი აზრით, შემოსავლების ჯანსაღი მაჩვენებლების ფონზე, აქციები ზრდას წლის ბოლომდეც განაგრძნობს.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალის აქციებიდან სხვა აქტივებში გადატანისკენ მოწოდება მარკო კოლანოვიჩისთვის ერთგვარად უცხოა, რადგან ის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკოსია აქციებისა და კაპიტალის მიმართულებით, რომელიც აქციების ყიდვისაკენ საკუთარ კლიენტებს 2022 წლის საბაზრო ტურბულენტობის დროსაც მოუწოდებდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აქციების გაყიდვისაკენ კოლანოვიჩმა ინვესტორებს მიმდინარე წლის აპრილშიც მოუწოდა და არც შემცდარა, რადგან მას შემდეგ, S&P 500-ის ინდექსი შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში იკლებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს კოლანოვიჩის მაისით დათარიღებული განცხადებაც, როცა მან საფონდო ბირჟების მიერ გადავადებული ფსკერის შესახებ ისაუბრა - ის ამ შემთხვევაშიც მართალი იყო, რადგან ფსკერზე აქციები მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში დაეშვა.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა