მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის" – წულუკიანი მეწარმეთა შესახებ კანონპროექტზე

5f34fd713be34
თამთა ჯიჯავაძე
13.08.20 12:43
1507
იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მეწარმეთა შესახებ კანონპროექტზე მუშაობა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ახალი კანონით ჩანაცვლდება 1994 წელს მიღებული მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც მისი თქმით, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას და ბიზნესწრეების ინტერესებს.

მინისტრის თქმით, კანონპროექტზე უწყებამ იმუშავა ბიზნეს ასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად.

„მნიშვნელოვანია,რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე მოსამართლეებს დავის შემთხვევაში. ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნეს კლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს.

თითოეული თავი ეთმობა სათანადოდ სხვადასხვა ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიც არის გადმოტანილი. კანონპროექტს გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი და ის ორი კვირით გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე.

„ეს არის მასშტაბური რეფორმა, რომელსაც არამხოლოდ დარგობრივი უწყებები – ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრო, არამედ ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ. და 2013 წელს მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დასრულდა...

მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ბოლო კომენტარები გამოთქვან მაცნეს მეშვეობით, ვიდრე ჩვენ ამ რეფორმის წარდგენას და დაცვას განვაგრძნობთ საკანონმდებლო ორგანოში“, – დასძინა მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, როგორც დაგეგმილია კანონი პირველი იანვრიდან შევა ძალაში.