მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან ცოტა გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა მინიმუმ 800 000 მოქალაქე ვაქცინაციაში"

6148d3bee4fa8
თამთა ჯიჯავაძე
20.09.21 22:30
508
სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება მას შემდეგ, რაც მივუახლოვდით იმ მიჯნას, რაც ვიცოდით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, რომ აცრას ითხოვდა, ან თანახმა იყო დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი მოქალაქე, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე წერს.

ის დანანებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ცოტა გაკეთდა იმისათვის, რომ ის ადამიანები დაერწმუნებინა, რომლებიც ვაქცინაციისგან თავს იკავებდნენ.

"მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ძალიან ცოტა გაკეთდა სახელმწიფოს დონეზე იმისთვის (არ ვამცირებ ცალკეული ორგანიზაციების და ინდივიდების ინიციატივებს), რომ დაგვერწმუნებინა/გადაგვერწმუნებინა მინიმუმ 800 ათასი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ყოყმანობს აიცრას მხოლოდ იმის გამო, რომ აქვს უპასუხო კითხვები, ან დაბნეულია წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გამო, რომლითაც გაჯერებულია საინფორმაციო სივრცე. ყველაზე უფრო ცუდი ის არის, რომ მნიშვნელოვანწილად ამ დაბნეულობის მიზეზი სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა. ამ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც თავი ჯორდანო ბრუნოებად ან კოპერნიკებად წარმოუდგენიათ. ოღონდ ის ავიწყდებათ, რომ რწმენას, რომ დედამიწა ბრტყელია და სამყაროს ცენტრშია ცოტა ვინმე ან საერთოდ არავინ მოუკლავს, განსხვავებით რწმენისგან, რომ ვაქცინას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე კოვიდს და რომ თურმე "ბუნებრივი" იმუნიტეტი სჯობია "ხელოვნურს", - აცხადებს აკაკი ზოიძე.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა და ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამაც ისაუბრა. მან ამ ტენდენციას საგანგაშო უწოდა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში 7 000 აცრა ჩატარდა.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. მას შემდეგ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აიცრა 947,477 ადამიანი, ხოლო 707,563 ადამიანი კი ორჯერადად არის აცრილი. დღემდე ქვეყანაში 1,655,040 დოზა ვაქცინა არის ჩატარებული.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3,728,600-ია, მათ შორის ზრდასრულების რაოდენობაა 2,861,000 ადამიანი, საიდანაც 60%-ის აცრა 1,716,600 მოქალაქის ვაქცინაციას ნიშნავს. 20 სექტემბრის ჩათვლით ზრდასრული მოსახლეობის 33.1% არის ერთხელ მაინც აცრილი, ხოლო ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 24.7%.