მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან ცუდია, როცა მინისტრები ხშირად იცვლებიან" - თეა წულუკიანი

6073e7b55f523
ინგა მურუსიძე
12.04.21 11:40
723
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში, როცა „ქართული ოცნება“ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას გეგმავდა, მას ჰქონდა პოზიცია, რომ 8 წელი ერთი უწყების ხელმძღვანელობა საკმარისია.

„2020 წლიდან, როცა გეგმებს ვსახავდით და საუბარი იყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვის რა როლი უნდა შეგვესრულებინა, მე ვთქვი, რომ ერთი სამინისტროს მართვისთვის 8 წელი საკმარისია, ამის შემდეგ დროა, ადგილი დაუთმო სხვას. შესაბამისად, ვფიქრობდით, სად იქნებოდა ჩემი მომავალი პოლიტიკური პოზიცია, ეს შეიძლება ყოფილიყო პარლამენტში ან ისევ მთავრობაში და ასე მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ასევე ძალიან ცუდია, როცა მინისტრები ხშირად იცვლებიან.

„ერთი სისტემის 8 წელი მართვა დიდი გამართლებაა; შეგიძლია, ბევრი პროექტი დაიწყო და დაასრულო. სისტემის სტაბილურობისთვის, მით უმეტეს იუსტიციის სამინისტროსთვის, ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი იყო. ჩვენ სხვა სისტემებს და ზოგადად, ქვეყანას ხელს ვუწყობდით, რომ თუნდაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისთვის მიგვეღწია და ასოცირების შეთანხმება ყოფილიყო არა მხოლოდ ხელმოწერილი, არამედ - წარმატებით განხორციელებული. როცა არის რყევები, პროცესს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა, ხელი ეშლება ხოლმე“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის ყოფილი მინისტრი 8 წლის განმავლობაში თავის ძირითად შეცდომად საკადრო გადაწყვეტილებებს ასახელებს. როგორც ის ამბობს, ხშირად გამოუცხადებია ნდობა ადამიანებისთვის, რომლებმაც შემდეგ აბსოლუტურად სხვა ნაბიჯები გადადგეს.

„შეცდომები ეხებოდა ძირითადად საკადრო საკითხებს, ეს ჩემი პირადი შეცდომებია, შეიძლება დიდ ნაკლად ჩამეთვალოს ის, რომ ადამიანებს წინასწარ კრიტიკული თვალით არ ვუყურებ. ჩემს თავს კი უფრო ცინიკურად ვუყურებ, ვიდრე - კრიტიკულად. ვიტყოდი, რომ ჩემზე უკეთ მე ვერ გამაკრიტიკებენ. ჩემ შესახებ რაც სიმართლეა, ის შემიძლია კიდევ უფრო მწვავე და სასაცილო ფორმით გამოვხატო. შეცდომები უფრო საკადრო თვალსაზრისით დამიშვია, რადგან ნდობა გამომიცხადებია ადამიანებისთვის, რომლებმაც შემდეგ აბსოლუტურად სხვა ნაბიჯები გადადგეს, ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ და საქმის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, თუმცა არავისთან არაფერი სასაყვედურო არ მაქვს, როცა მე ვუშვებ შეცდომას, ის ჩემი შეცდომაა. ალბათ, მომავლისთვის გაკვეთილი უნდა ვისწავლო“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ „თუ საქმეში გამოვლინდება ის, რაც მიუღებელია, დაუნდობელი ხდება“.

„სიმკაცრის გარეშე დიდი სისტემის მართვა შეუძლებელი მგონია“, - ამბობს თეა წულუკიანი.