მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან მძიმე სიტუაციაა" - ეკონომისტი შემწეობის მიმღებთა რაოდენობაზე

5fca82a7702f6
თამთა ჯიჯავაძე
05.12.20 00:10
1132
რიცხვებით შეფასება ძნელია, თუმცა, ამ პრობლემის მასშტაბი ჩანს, - ასე აფასებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი საქართველოში სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 87 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა და 2020 წლის ოქტომბერში ნახევარ მილიონ ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა.

„ერთია, რომ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შემწეობას იღებენ და ეს მოსახლეობის თითქმის 14%-ია. ანუ ყოველი შვიდი ადამიანიდან ერთი იღებს შემწეობას, და ეს არის ძალიან მინიმალური შემწეობა; მეორე ის, რომ მილიონამდე ადამიანი არის ამ ქვეყანაში, ვისაც მიაჩნია რომ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ანუ პრობლემა კიდევ უფრო დიდია. ერთია სახელმწიფო ვის ეხმარება, რა შეუძლია - ანუ 14%-ს ეხმარება შემწეობით, რომელიც ძალიან ცოტაა - 60 ლარი ერთ ადამიანზე; და მეორე - რამდენს უნდა დახმარების მიღება და ვერ იღებს“, - განაცხადა ეკონომისტმა გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას.

მისივე თქმით, ეს სურათი ისედაც მძიმე იყო პანდემიამდე, პანდემიის კრიზისმა კი კიდევ უფრო გამოაჩინა პრობლემის სიმძიმე და კიდევ უფრო დაამძიმა ამ ადამიანების მდგომარეობა.

„კიდევ უფრო რთული იქნება ეს ვითარება, როდესაც ჩაკეტილები ვართ ნოემბერ-დეკემბერში, ზამთარში. საჯარო სექტორებში, დიდ კომპანიებსა და ბანკებში დასაქმებულებს ნაკლები პრობლემა აქვთ, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები ცდილობენ ხელფასის შენარჩუნებას. მაგრამ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ყოველდღიური ლუკმაპურისთვის გამოდიოდა სახლიდან. ზოგიერთი, რომელიც შემწეობას იღებს, ოფიციალურად არ მუშაობს, მაგრამ სხვა შემოსავლები ხომ მაინც ჰქონდათ, თუნდაც დამალული, არაოფიციალური, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება. შეიძლება ოფიციალურ რიცხვებში არ გამოჩნდეს, მაგრამ ძალიან მძიმე სიტუაციაა“, - დასძინა სოსო ბერიკაშვილმა.

ცნობისთვის, 2021 წლის განმავლობაში მთავრობა სოციალურად დაუცველთა დახმარებების ზრდისთვის დამატებით 100 მილიონ ლარს დახარჯავს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც 65,000-100,000-მდეა, 6 თვის ვადით დამატებით 100 ლარიანი შემწეობების გაცემაა დაგეგმილი. ასევე, დამატებით დახმარებებს მიიღებენ ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი.