17.მაისი .2020 10:50

"ძალიან წარმატებული პროექტია საქართველო" - ზურაბ პოლოლიკაშვილი

views 582
უკან

„ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული პროექტია საქართველო“, - ამას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი Forbes Talks-ში საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების შესახებ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანა, არა მხოლოდ ტურისტული ნაკადების მხრივ, არამედ ინფრასტრუქტურულადაც განვითარდა და ამაში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის როლს ვერ ხედავს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს კარგი მიღწევები ჰქონდა და ყოველწლიურად მატულობდა როგორც ჩამომსვლელთა და ვიზიტორთა რიცხვი, ასევე ინფრასტრუქტურულად ძალიან სწრაფად განვითარდა ჩვენი ქვეყანა. გვერდს ვერ ავუვლი იმას, რომ საქართველო არ ვახსენო - ჩვენი ქვეყანა. მით უმეტეს უცხოელი მსმენელი არ მისმენს და ამას კერძო აზრად არ ჩამითვლის. ჩვენ ვერ ვიტყვით, ის მიღწევები, რაც საქართველომ შეძლო გასული 10 წლის მანძილზე, ეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის დამსახურებაა,  ეს ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო.

სახელმწიფომ გადაწყვიტა და სწორედ პრიორიტეტად აირჩია ტურიზმის დარგი; ვფიქრობ, ეს ისტორიულად და ტრადიციულად ასე იყო და როგორც - ფინანსურ, ასევე ადამიანურ რესურსებში განხორციელებული ინვესტიციები იყო იმ შედეგის მომტანი, რაც ჩვენ ეპიდემიის დაწყებამდე ყოველთვის გვქონდა. ტურიზმის სექტორს დღეს საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდი წვლილი უჭირავს; 120 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული მხოლოდ ამ სექტორში, პირდაპირ თუ ირიბად, ვინაიდან ტურიზმი, დღეს, აღარ არის მხოლოდ მოგზაურობა, მასთან არის დაკავშირებული მრავალი სექტორი, როგორიც არის ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული პროექტია საქართველო“, - განაცხადა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.