მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძლივს გადავრჩით"- “არტ-კაფე ჰოუმი” 23:00 საათამდე მუშაობაზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს

61794052469a1
დავით ჯალაღონია
28.10.21 09:00
833
"არტ-კაფე ჰოუმის" მფლობელი გიორგი კეკელიძე რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის 23:00 საათამდე მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას მოითხოვს.

როგორც მან BMG-სთან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც მსგავსი შეზღუდვა დაწესდა, "ჰოუმის" შემოსავლები განახევრდა.

"22:00 საათზე ობიექტის დახურვაზე გადაწყვეტილება როცა ამოქმედდა, ეს ჩვენთვის კატასტროფა იყო. ძლივს გადავრჩით. ახლაც პრობლემები გვაქვს, როცა ამ შეზღუდვამ 23:00 საათამდე გადაიწია. ეს ბარებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ამ დროს საკვებ ობიექტებზე მოთხოვნა ნაკლებად არის, უფრო ალკოჰოლზეა აქცენტი გაკეთებული.

ღონისძიებას რომ ვაკეთებთ, ბილეთებს 10 ლარად ვყიდით და ამ თანხით იმ მინიმალურ ხარჯს მაინც ვანაზღაურებთ, რომ ტექნიკურად ღონისძიება გამოგვივიდეს და შედგეს. სხვა მხრივ, ძალიან შემცირებული, განახევრებულია შემოსავლები, ისევე როგორც - სტაფი. ასე რომ ძალიან ცუდი ვითარებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საათის შეზღუდვა მოიხსნას", - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის საკოორდონაციო საბჭო ე.წ "მწვანე პასპორტების" შემოღების შესახებ მსჯელობს. ამ ინიციატივით საბჭოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიმართა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მსგავსი სისტემა დაინერგა, რიგ ობექტებში, მათ შორის რესტორნებსა და სასტუმროებში შესვლა სავარაუდოდ მხოლოდ აცრილებისთვის, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე სტუმრებისთვის იქნება შესაძლებელი.