მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკო სოფელი" - რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის მფლობელის ახალი პროექტი

62d1a40f3a094
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.22 23:00
1451
რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის აგრო-ტურისტული ობიექტი ახალ პროექტს ეკო-სოფლის განხორციელებას იწყებს, რომელიც საინვესტიციო ღირებულება 2.2 მლნ ლარია.

მეურნეობის მფლობელის და ხელმძღვანელის გიორგი ალადაშვილის სურვილი ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტების სოფლის შექმნა და განვითარებაა, სადაც ცალკეული სახლის მფლობელი კერძო პირი იქნება, მეურნეობისა და ეკო სოფლის მართვას კი თავად განახორციელებს. პროექტის დეტალების შესახებ გიორგი ალადაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.


მეურნეობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 1 ჰექტარ ფართობზე 16-მდე სხვადასხვა ზომის ეკო სახლი მოეწყობა, რომელიც სრულად ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება. ნაგებობებში რკინა-ბეტონი გამოყენებული არ იქნება. სახლები ხით და კირქვით აიგება. საქმე ის არის, რომ გიორგი ალადაშვილს ეკო სახლების მოწყობის გამოცდილება უკვე აქვს. გასულ წელს მან მეურნეობაში 2 აპარტამენტი მოაწყო, რომელიც დღეისთვის ახალი პროექტის ფარგლებში გადაკეთდება და კიდევ უფრო კომფორტული გახდება.

„3 - დიდი შატო, 1 ბეღელი თავისი 6 დიდი აპარტამენტით, 10 ორსართულიანი სახლი მანსარდით - ეს ეკო სოფლის პროექტია, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებული გვაქვს და აპარტამენტების გადაკეთებასთან ერთად ცალკეული სახლების მშენებლობაც მიმდინარეობს. სახლები მზის პანელებით იქნება აღჭურვილი და თითოეულს ექნება მარანი პირადი გამოყენებისთვის.

თითოეული მათგანი კერძო პირზე გაიყიდება. სახლის მფლობელებს სურვილის შემთხვევაში აქ ცხოვრება შეეძლებათ, არყოფნის პერიოდში კი უძრავი ქონების გაქირავებას და შემოსავლის მიღებას შეძლებენ.

ჩვენ კარკასს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ვაშენებთ და მფლობელი მას სურვილისამებრ მოაწყობს. გარდა ეკო სახლებისა, ჩვენს პოტენციურ მაცხოვრებლებს 5 სხვადასხვა ჯიშის ვაზის არჩევას ვთავაზობთ, საიდანაც მისი სახელობის ღვინო დამზადდება. ამასთან, ღვინიდან დაწყებული მურაბებით დასრულებული, სახლის მეპატრონეებს, სურვილის შემთხვევაში ჩვენს მეურნეობაში მოყვანილ ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტებს დავუმზადებთ“, - განმარტა ალადაშვილმა.



ეკო სოფლის პროექტის ავტორი ამბობს, რომ სახლები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, ვისთვისაც სოფელთან ურთიერთობა და სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ან მათთვის ვისაც სოფელში უქმეების გატარება სურს. ეკო სახლების ღირებულება კი აპარტამენტის შემთხვევაში 15-20 ათასი დოლარი იქნება, 1-სართულიანი სახლის ღირებულება 40 000 დოლარი, ხოლო ორსართულიანის - 60 000 დოლარი.

ბიომეურნეობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეკო სოფლის პროექტის მიმართ ინტერესი ადგილობრივი მცხოვრებლების და ასევე უცხოელების მხრიდან უკვე არის, შესაბამისად პროექტის პირველი ეტაპის დასრულებას ალადაშვილი 2022 წლის რთველის სეზონისთვის გეგმავს, რათა ახალი მოსავალი ახალმოსახლეებთან ერთად მიიღოს. მისი სრულად განხორციელება კი 1.5 წელში იგეგმება.