მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკა გაპარტახდა" თუ გაორმაგდა - პრემიერის განცხადება და 7 გრაფიკი, რომელიც რეალობას ასახავს

6033fcfc5c447
შოთა ტყეშელაშვილი
22.02.21 21:43
2566
დღეს საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მხოლოდ “მოჩვენებითი” ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და ეკონომიკა ეკონომიკის წინსვლის ნაცვლად “ბოლომდე გაპარტახდა”.

“მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა. შედეგად კი, მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება,”- განაცხადა პრემიერმა.

ამ განცხადების მიუხედავად, ფაქტები - კერძოდ კი საქსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტების შეფასება აჩვენებს, რომ როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, ასევე მოსახლეობის მიერ მიღებული შემოსავლების, ასევე საშუალო ხელფასებისა და სიღარიბის შემცირების მიმართულებით 2003-2012 წლებში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა. კერძოდ მუდმივ ფასებში მშპ-ის ზომა, რაც 2003 წელს 17.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2012 წლისთვის 30.4 მილიარდი ლარი გახდა, რაც 71%-იან რეალურ ზრდას წარმოადგენს (2015 წლის მუდმივ ფასებში). ამჟამად, 2015 წლის მუდმივი ფასებით საქართველოს მშპ-ის ზომა 40 მილიარდ ლარამდეა.

ნომინალურად კი (მიმდინარე ფასებში) 2003 წელს არსებული 8.8 მილიარდი ლარის მოცულობის ეკონომიკა 2012 წლისთვის 27.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამჟამად მიმდინარე ფასებში ეკონომიკის ზომა 49.4 მილიარდი ლარია.

რაც შეეხება აშშ დოლარებში დათვლილ მთლიან შიდა პროდუქტს, მიმდინარე ფასებში 2003 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა $4.1 მილიარდი დოლარი იყო, 2012 წელს კი ამ მაჩვენებელმა $16.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 301%-იან ზრდას წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საერთაშორისო ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკის შეფასების დროს სწორედ აშშ დოლარში გამოხატული მშპ-ის მაჩვენებლებით ხელმძღვანელობენ. ეს პარამეტრი კი საქართველოსთვის ბოლო 8 წლის განმავლობაში საკმაოდ პრობლემურია, რადგანაც რეგიონული სავალუტო კრიზისის გამო აშშ დოლარებში გამოხატული ეკონომიკის ზომა ბოლო 8 წელში მხოლოდ $1.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 2019 წელს $17.74 მილიარდს მიაღწია, 2020 წელს კი IMF-ის შეფასებით, ის 16.31 მილიარ დოლარამდე შემცირდა, ეს კი უფრო ნაკლებია, ვიდრე 2012 წელს იყო.

2012 წელთან შედარებით, ასევე შემცირებულია მიმდინარე ფასებში დოლარში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე, რომელიც 2020 წელს ფინანსთა სამინისტროს BDD დოკუმენტის შეფასებით $4,266 დოლარს შეადგენდა, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი $4,410 დოლარი იყო.

რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკური ზრდის ტემპს, ის 2003-2012 წლებში საშუალოდ 6.72%-ს შეადგენდა, 2013-2020 წლებში კი 2.85% იყო, რაც ორჯერ ნაკლები ზრდის ტემპია. ამ პერიოდში საქართველოში სულ ორი რეცესია იყო - 2009 და 2020 წლებში. 2009 წელს აგვისტოს ომის შემდგომ ეკონომიკა -3.61%-ით შემცირდა, 2020-ში COVID-19-ის კრიზისის და ორი ლოქდაუნის ფონზე კი ვარდნა -6.1% იყო.

(ინფოგრაფიკის სრულად სანახავად სმარტფონი ჰორიზონტალურად დაიჭირეთ)