მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკის მინისტრი რესტორატორების კითხვებს 1 კვირაში უპასუხებს" - შეხვედრის შედეგები

5fcf88bb02e36
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.20 18:18
851
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრის ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, შეხვედრამ 2 საათზე მეტ ხანს გასტანა და საუბარი ყველა მათ მიერ წამოყენებულ საკითხზე წარიმართა. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სექტორის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხები დღეს არ მიუღიათ და ამისთვის ნათია თურნავამ ერთი კვირა აიღო.

„რა მოთხოვნებიც გვქონდა, ყველა საკითხი ჩავშალეთ. იყო დეტალები რასთან დაკაშირებითაც უწყების ხელმძღვანელი ფინანსთა სამინისტროსთან თუ ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციებს საჭიროებდა. მაგალითისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რესტორნების თანამშრომლებზე საშვების დაშვებაა. საშვები არის მხოლოდ დელივერი სერვისის წარმომადგენლებზე და არ არის მზარეულებსა და რესტორნის თანამშრომლებზე - ამაზე პასუხი გვჭირდება. ჩვენ მიერ დასმული კითხვების უმრავლესობაზე პასუხები არ ჰქონდათ, ამიტომ ეკონომიკის მინისტრმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად 1 კვირა აიღო“, - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

საინიციტივო ჯგუფის წევრი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროში სექტორთან საკითხების განსახილველად სპეციალური გუნდი შეიქმნება, რომელიც ერთი კვირის მანძილზე რესტორატორებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა მთავრობის კანცელარიასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრემიერსა და ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მიმართა და დარგის გადარჩენის 5-პუნქტიანი გეგმა გააჟღერა. ესენია: 

1. სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორი თვის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის 50%-ით კომპენსაცია;
2. სახელმწიფო გახდეს გარანტი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი, ხოლო ლოკდაუნის ორთვიან პერიოდში - 0%-იანი სესხების გამოსაყოფად, რაც მიემართება თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად;
3. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, ერთი წლის განმავლობაში, შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი;
4. დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე;
5. ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში.