მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკისთვის ლარის გაუფასურება უფრო კრიტიკულია, ვიდრე 2021-ში 5%-იანი ზრდის მიღწევა"

5fb1151777b5d
თათია ჩაფიჩაძე
15.11.20 15:40
1023
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ეკონომიკის მთავარი გამოწვევა სავალუტო რყევებია, რაც როგორც - მოსახლეობაზე, ისე ბიზნესზე უმძიმესად აისახება.

„ეკონომიკისთვის ლარის გაუფასურება უფრო კრიტიკულია, ვიდრე 2021-ში 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რადგანაც ეროვნულ ვალუტაში ეს ზრდა შეიძლება ნიშნავდეს 0%-იან ზრდას დოლარში“, - განაცხადა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ხიშტოვანმა. მისი თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მიღწევა პანდემიის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.

„2021 წელს, რომ ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ეს სავსებით სავარაუდოა, რადგან თუ არ ავიღებთ იმ სექტორებს, რომელსაც ყველაზე მეტად დაარტყა პანდემიამ, პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ ეკონომიკური აქტივობა სწრაფად აღდგა. აქედან გამომდინარე, მთავარი კითხვა, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება არის შემდეგი - რამდენად მალე შემოვატრიალებთ ვირუსის პიკურ მდგომარეობას და რამდენად მალე დასრულდება პანდემიის გავრცელების რეჟიმი. თუ ეს ამ წელსვე მოხდა, მაღალი ალბათობით 5%-იანი ზრდა გვექნება, მაგრამ თუ - ვერ, მაშინ ცხადია, ეს 2021-ის მდგომარეობაზე აისახება“, - აღნიშნა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა და იქვე დასძინა, რომ „აქცენტი მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე არ უნდა გაკეთდეს.

“ბიზნეს ასოციაციებით დაწყებული, თითოეული მოქალაქით დამთავრებული, ყველასთვის მთავარი გამოწვევა არის ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, რადგანაც ეს ურტყამს ყველა ოჯახს და ყველა ბიზნესს. ბიზნესი არ აპელირებს თითქმის არაფერზე, გარდა იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ვალუტასთან დაკავშირებით და რა პოლიტიკა ექნება ეროვნულ ბანკს. მეტი სიცხადეა შესატანი, რადგანაც ვიცით, რომ ჩვენნაირი დოლარიზებული ეკონომიკისთვის ვალუტის გაუფასურება უფრო კრიტიკულია, ვიდრე 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა - ლარში ეს ზრდა შეიძლება ნიშნავდეს 0%-იან ზრდას დოლარში. თუ ლარის გაუფასურების ტემპი მაღალი იქნება, ინფლაციის გამო ეს აისახება როგორც - მოქალაქეებზე, ისე - ბიზნესზე, რადგანაც ასეთი დარტყმა, რაც მოხმარების კლებას ჰქონდა, ბოლო 15 წელია ეკონომიკურ ისტორიას არ ახსოვს“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

ლარის კურსზე საუბრისას PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა ეროვნული ბანკის და მისი პოლიტიკის როლზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ბოლო პერიოდში სებ-ის ინტერვენციები სწორია.

„კარგია, რომ მონეტარული პოლიტიკის უკანასკნელ ანგარიშში, პირველად გაცხადებულ იქნა, რომ ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება სებ-ის ერთ-ერთი მანდატია და რომ ის კურსის სტაბილურობას თვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციად, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვსაუბრობდით იმაზე, რომ მცურავი კურსი გვაქვს და მხოლოდ წერტილოვან ჩარევებს ახორციელებდა ეროვნული ბანკი. ამის გაცხადება მნიშვნელოვანია და მეორე, ის აცხადებს რომ გააგრძელებს ჩარევას, რაც ნიშნავს რომ არ დაუშვებს დიდ რყევებს, თუმცა მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ დაფიქსირდეს პოზიცია. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი, შეიძლება ეს სჯობდეს და ვიცოდეთ, რომ ეროვნული ვალუტა გააგრძელებს გაუფასურებას, ვიდრე გაურკვევლობის რეჟიმში გაიზარდოს პანიკური სიტუაციების რისკი, რაც რეზერვებსაც დაარტყამს და მეორე მხრივ ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს”, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გიორგი ხიშტოვანმა.