მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით 2023 წლის მოლოდინები უფრო განჭვრეტადი უნდა იყოს" - პაატა შურღაია

6427eeea1c6ca
ალა ისპირიანი
01.04.23 14:28
758
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა. ორ თვეში კი ზრდა - 7.1%-ია. თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ საბაზო ეფექტს ანუ იმას, რომ 2022 წლის თებერვალში ეკონომიკის ზრდის ტემპი 14,6% იყო, იანვარში - 18%, ხოლო პირველი ორი თვის საშუალო 16.3%, წელს ორ თვეში 7.1% საკმაოდ კარგი ზრდაა.

მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მოლოდინებზე საუბრისას "გრანთ თორნთონის" ვიცე-მმართველი პარტნიორი, პაატა შურღაია BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ამბობს, რომ 2023 წლის მოლოდინები ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით უფრო განჭვრეტადი უნდა იყოს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ჩვენს საპროგნოზო ნაწილს ცვლის ომია, რომლის ესკალაცია არ ვიცით როდის მოხდება. თუმცა ეკონომიკური კუთხით მოლოდინებია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს შეიძლება რაღაცეები დასრულდეს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი შეფასებით ჩვენი რეიტინგი მოზომილად მოკრძალებულად 4-დან 7%-მდე უნდა იყოს.

ასევე მნიშვნელოვანია 2020-2022 წლების ეკონომიკური ზრდის კონტრიბუცია შევაფასოთ, ანუ რამ განაპირობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ესენია: მიგრაციული ეკონომიკა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ განაპირობა; მთავრობის პოლიტიკა; აღდგენითი ეკონომიკა, რაც „კოვიდის“ შემდეგ დაიწყო; ფულადი გზავნილების ზრდა“, - განაცხადა პაატა შურღაიამ.

კითხვაზე - რა როლი აქვს მთავრობას ეკონომიკურ ზრდაში, მან უპასუხა, რომ - ეკონომიკური ზრდის კომპონენტებიდან, რომელიც მან ჩამოთვალა, ბოლოს სახელმწიფო და ეკონომიკურ პოლიტიკას მიაკუთვნებდა, რომელიც გატარდა.

პაატა შურღაიამ ასევე განმარტა რა ქმნის ქვეყანაში ეკონომიკას. ამ საკითხთან მიმართებით მან ორი ძირითადი მიმართულება - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რესურსები გამოყო.

“რესურსები თავის მხრივ მატერიალურ და არამატერიალურად იყოფა. მატერიალურში შედის თუნდაც ენერგეტიკული რესურსები, რომელსაც ჩვენ ვერ ვიყენებთ და არამატერიალური რესურსი ჩვენის სახით - ადამიანური კაპიტალია. მთავრობის კონტრიბუცია, რომელიც მან უნდა განახორციელოს, ძალიან მცირე კუთხითაა, მან უბრალოდ მატერიალურ რესურსებში არაფერი არ უნდა გააფუჭოს, ანუ ეკონომიკა ღია იყოს და ბევრი მოთამაშე შემოვიდეს“, - განაცხადა "გრანთ თორნთონის" ვიცე-მმართველმა პარტნიორმა.