მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკურ ზრდაზე პესიმიზმი გასაგებია" - ნათია თურნავა EBRD-ის პროგნოზზე

5ebcffa755b54
ინგა მურუსიძე
14.05.20 12:50
962
ეკონომიკური ზრდასთან მიმართებაში პესიმიზმი გასაგებია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2021 წელს უკეთესი შედეგი გვქონდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ახალი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ბანკი 2020 წელს საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს. ამ დროისთვის ეს საქართველოს ეკონომიკის შესახებ ყველაზე პესიმისტურ პროგნოზს წარმოადგენს, რადგანაც სავალუტო ფონდიც და საქართველოს ეროვნული ბანკიც ეკონომიკის საპროგნოზო შემცირებად 4%-ს განიხილავენ.

„გამოქვეყნდა EBRD-ის პროგნოზი ეკონომიკური ზრდის, თუ ასე შეიძლება ითქვას და ის არის კიდევ უფრო მეტად პესიმისტური, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. სავალუტოს პროგნოზი იყო -4% წლის ბოლოს, ხოლო EBRD-ის პროგნოზი არის - 5,5%. ეს პროგნოზებიც არის წინასწარი და ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული მსოფლიო გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის შეფასებაზე. მსგავსი შეფასება ხდება უფრო პესიმისტური, გამომდინარე იქიდან, რომ მოლოდინები იმისა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად კოვიდ ინფექცია დამარცხდებოდა, როგორც ჩანს არ მართლდება. ჩვენ, ქვეყნებს, მოგვიწევს რაღაც პერიოდი ამ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება, აქედან გამომდინარეობს ეს პესიმიზმიც. საქართველოს ეკონომიკა ყოველთვის გახსნილი ეკონომიკა იყო, არ ვართ ვაკუუმში, შესაბამისად, ის, თუ როგორ მძიმდება პროგნოზები გლობალურ ეკონომიკასთან მიმართებაში, შეიძლება არ აისახოს ჩვენთან მიმართებში პროგნოზებზეც, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია ექსპორტი, მნიშვნელოვანია ასევე თუ როდიდან აღდგება გლობალურად ტურიზმი, როდიდან აღდგება ფრენები, ინვესტორების აქტივობა და ა.შ.“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ასევე გამოსავლად მიიჩნევს, მეტი აქცენტის გაკეთებას ადგილობრივ წარმოებაზე, რადგან თურნავას თქმით, ამ შემთხვევაში „ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე, მთელი რიგი მიმართულებებით“.

„2019 წელი ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი რეკორდული, ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა ჩვენ, ეს იყო ყველაზე საუკეთესო თანაფარდობა იმპორტს და ექსპორტს შორის. ეს იყო ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ეკონომიკური ზრდის, მაგრამ აწი კიდევ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივ წარმოებაზე, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ეს იქნება საშენი მასალები და ეს გახდება ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ეკონომიკური ზრდის შემდგომში, ასევე ინვესტიციები. პესიმიზმი გასაგებია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2021 წელს უკეთესი შედეგი გვქონდეს“, - განაცხადა თურნავამ.