მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკოტურიზმის სტრატეგიის მიზანია, ოთხი სეზონის ეკოტურისტული შეთავაზებების განვითარება"

6167e1515182a
BM.GE
14.10.21 11:46
515
საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებისა და დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინსტრმა, ლევან დავითაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება 2020 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს ეკოტურიზმის განვითარების ასოციაცია. სტრატეგიის შემუშავება გერმანიის მთავრობის ფინანსური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით მოხდა.

„პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით 2020 წელს, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ძალიან პოპულარული გახდა ეკოტურისტული მიმართულება და ის ტურიზმის ყველაზე მზარდ სეგმენტად იქცა. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებული ძალისხმევა, რათა სწორად განვითარდეს ტურიზმის ეს მიმართულება და ის პოტენციალი, რაც არსებობს, ის ეკოსისტემები, რომელიც სატყეო სექტორში, ასევე, დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს, სრულად და ეფექტიანად გამოვიყენოთ. განვითარებული ეკოტურიზმის პირობებში მოვიზიდავთ როგორც მეტ ადგილობრივ ტურისტს, ისე უცხოელ ვიზიტორებს, რაც მეტ შემოსავალსა და სარგებელს მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ოთხივე სეზონის ეკოტურისტული შეთავაზებების განვითარებას, ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ძეგლების იდენტიფიცირებას და შენარჩუნებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში, ნიშური პროდუქტების შექმნას, ადგილობრივი ტრადიციული წარმოების განვითარებას, საგანმანათლებლო აქტივობების განხორცილებას და სხვას.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ბაზრის სრული ანალიზი განხორციელდა, გაიმართა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. ონლაინ ფორმატში განხორციელდა დოკუმენტის საჯარო განხილვა.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, დაგეგმილია უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინაციას, დოკუმენტის აღსრულების ხელშეწყობის, შესრულების მონიტორინგს და ანგარიშგების მიზნით.