მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტროენერგეტიკული ბაქო-ჯეიჰანი" - რას საქმიანობს ზურაბ ნოღაიდელი დღეს?

5f5dc7d13f7c0
სალომე მეცხვარიშვილი
13.09.20 11:46
3975
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემა Forbes კვირას და მის ავტორს გიორგი ისაკაძეს მისცა.

ინტერვიუში ზურაბ ნოღაიდელი საუბრობს მის დღევანდელ საქმიანობაზე და აცხადებს, რომ ის სათავეში უდგას ენერგეტიკულ პროექტს, რომელსაც “ელექტროენერგეტიკულ ბაქო-ჯეიჰანს” უწოდებს, რამდენადაც პროექტის დანიშნულება აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებაა.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, აღნიშნულ პროექტს კომპანია “ელ გრინი” ახორციელებს.

“ჯგუფი ელ გრინი საერთაშორისო კომპანიაა, კომპანიის აქციონერები ქართველები და უცხოელები არიან. თავად მე აქციონერი არ ვარ, მაგრამ ამ პროექტის, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ელექტროენერგეტიკული ბაქო-ჯეიჰანი, იდეოლოგიური ხელმძღვანელი ვარ”,- აცხადებს ის.

მისივე განმარტებით, კომპანია "ელგრინის" ქართველი დამფუძნებელი სულხან პაპაშვილია, დანარჩენები კი უცხოელი პარტნიორები არიან.

“არ მგონია, რომ უცხოელი აქციონერების დასახელება დღევანდელი პოლიტიკური ან ეკონომიკური მდგომარეობისთვის, რამენაირად მნიშვნელოვანი იყოს”,- აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

მან ინტერვიუში ცალსახად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანია “ელგრინი” რამენაირად დაკავშირებულია ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილთან. ნოღადელის განმარტებით, ეს რომ ასე იყოს, დასამალიც არ იქნებოდა.