მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება" - რამდენი Tesla დარეგისტრირდა?

635e5aa4338d3
ლიკა გურაბანიძე
30.10.22 15:14
958
ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება. ამის შესახებ bm.ge-ს ელექტრომობილების დამტენების ქსელის ოპერატორი კომპანიის e-space-ის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით იოსავამ უთხრა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა გასული წლის სამ კვარტალთან შედარებით გასამმაგებულიც კია.

დავით იოსავას თქმითვე, ქვეყანაში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოდის, მოთხოვნადია ასევე აზიური წარმოების მანქანები, რომლებიც უფრო იაფია.

“ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას ხელი საწვავის გაძვირებამ შეუწყო. საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილებიდან პირველ ადგილს Tesla იკავებს, მიმდინარე წელს სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ამ მარკის 151 ავტომობილი დარეგისტრირდა. Tesla-ს მომდევნო ადგილზე Nissan Leaf-ი მოჰყვება", - აღნიშნა მან.

იოსავას განმარტებით, მიუხედავად ამ სექტორის სწრაფი ზრდისა, ინფრასტრუქტურული საკითხები ელექტრომობილების დამტენების ხელმისაწვდომობის ნაწილში ჯერ ისევ გამოწვევად რჩება.

“მომხმარებლებმა ელექტროდამტენები რომ დაიყენონ, ძველ კორპუსებში ინდივიდუალური პარკირების წერტილები არ აქვთ, ახალ კორპუსებში ეს პრობლემა შედარებით მოგვარებულია. მთავარი პრობლემა, რაც დამტენების ქსელის განვითარებას ხელს უშლის, კერძო ბიზნესებისგან ნაკლები ჩართულობაა, მხოლოდ ჩვენთვის ეს რთულია და სხვა ბიზნესებიც უნდა ჩაერთონ.” - განმარტა დავით იოსავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში 84,939 ავტომობილი შემოვიდა, რომელთა შორისაც ელექტრომობილი 331 იყო. ეს მთლიანი ავტოიმპორტის 0.4%-ია. 2021 წელს ბრენდების მიხედვით, ელექტრომობილებში პირველ ადგილზე Nissan Leaf-ი იყო, ქვეყანაში ამ მარკის 62 ელექტრომობილი შემოვიდა. მეორე ადგილს კი დღეს უკვე პირველ ადგილზე მყოფი Tesla იკავებდა და გასულ წელს საქართველოში Tesla-ს 50 მოდელი შემოვიდა. წელს კი იანვარ-სექტემბრის პერიოდში 148 Tesla-ა შემოყვანილი.