მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელ.კომერციის ბიზნესს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ პროდუქტი საზღვრებს გარეთ გაიტანოს "- რა აფერხებს ამას?

60f82d147b58a
ელენე გოგბერაშვილი
21.07.21 22:20
758
კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში მსოფლიოში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. "გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, გასულ წელს ადგილობრივი ბაზრის ზომა 3.2-ჯერ, 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოში ელექტრონული კომერციის წილი საცალო ვაჭრობაში მხოლოდ 1,1%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს. მაგალითად ევროპაში აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ია.

დარგის ექსპერტების აზრით, ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნის ზრდა შემდგომშიც გაგრძელდება და მომდევნო წლებში ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის პროცესის დაჩქარებაა მოსალოდნელი. კერძოდ, „გალტ & თაგარტის“ პროგნოზით, 2025 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ბაზრის ზომა 50%-ით გაიზრდება და 1,1 მლრდ ლარს მიაღწევს. ამასთანავე, მოსალოდნელია საცალო გაყიდვებში ონლაინ გაყიდვების წილის 1,1%-დან 4,7%-მდე გაიზარდოს.

2020 წელი მართალია მზარდი იყო ელექტრონული კომერციის სექტორისთვის, თუმცა Soplidan.ge-სა და ელექტრონული კომერციის ასოციაციის დამფუძნებელი, ნათია ნინიკელაშვილი მიიჩნევს, რომ 2021 წელი მეტი ანალიზის საშუალებას მისცემს სექტორს დაინახონ ლოქდაუნის გარეშე შეიცვალა თუ არა მომხმარებლის ქცევა. ის ელ. კომერციის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტებზეც საუბრობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საგადახდო სისტემების ადაპტირება ელექტრონული კომერციის ბიზნესებთან. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ პოტენციალი არსებობს და ზრდის ტენდენცია აქვს ამ ბიზნესს, ჩვენი მოსახლეობა მაინც მცირეა, ამიტომაც ელექტრონული კომერციის ბიზნესს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ პროდუქტი გაიტანონ საზღვრებს გარეთ ანუ გაყიდონ უცხოურ მომხმარებელზე და ახალი სეგმენტი აითვისონ. ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ბარათებით გადახდები, რომელიც დღეს რეალურად პრობლემაა საქართველოში, რადგან კომერციული ბანკები ხშირად თავს იკავებენ არაკეთილსინდისიერი ტრანზაქციების შიშით საერთაშორისო გადახდების მიღებისგან, ამიტომ ქართველ მერჩანტებს უწევთ წავიდნენ, გვერდი აუარონ ქართულ საგადახდო სისტემებს, გახდნენ უცხოური ბანკების მომხმარებლები და ა.შ შესაბამისად ეს აფერხებს ამ სეგმენტის განვითარებას და ახალი მომხმარებლის მოზიდვას.

თუ გვინდა ინტერნეტის შეუზღუდავი ბაზარი გამოიყენოს ქართულმა ეკონომიკამ და სარგებელიც ქართულმა ეკონომიკამ ნახოს, ამისთვის უნდა არსებობდეს სწორი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც მორგებულია არამხოლოდ მომხმარებლის დაცვაზე, რაც სწორია, არამედ ბიზნესების კეთილდღეობაზეც. უნდა არსებობდეს მამოტივირებელი ინიციატივები, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს უბიძგებს ხვალვე დაიწყოს ონლაინ სივრცეშიც ოპერირება“-აცხადებს ნათია ნინიკელაშვილი.

რაც შეეხება ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტს, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო წლებია მუშაობს, ის საჯარო ამ დრომდე არ გამხდარა. დოკუმენტის სამუშაო ვერსია ამ დრომდე არც კერძო სექტორისთვის გამხდარა ხელმისაწვდომი.