მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი" კომპანიების ნაწილს მშენებლობას გაუძვირებს - ხეცურიანი

64589b0579317
ლიკა გურაბანიძე
08.05.23 21:34
686
"ენერგოეფექტიანობის კანონის" ძალაში შესვლამდე ბიზნესები და სამშენებლო ასოციაციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ იგი მშენებლობას გააძვირებს. აღნიშნულ საკითხზე განმარტება BMG-სთან "არქი"-ს გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმაც გააკეთა. მისი თქმით, კანონის ძალაში შესვლის შემდგომ მშენებლობა შედარებით მცირე ბიზნესებს გაუძვირდებათ.

“ენერგოეფექტიანობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საკანონმდბლო ცვლილება, რომელიც განხორციელდება “არქის” შემთვევაში სამშენებლო ხარჯის ზრდას ნაკლებად გამოიწვევს, რადგან ჩვენი მშენებლობები ენერგოეფექტურია. ეს კანონმდებლობა მშენებლობის თვითღირებულებას, 3%-5%-ით, იმ კომპანიებისთვის ნამდვილად გააძვირებს, ვინც ენერგოეფექტურ მასალებს ნაკლებად იყენებდნენ,”- აღნიშნა ხეცურიანმა.

რაც შეეხება შესაბამისი კადრების არსებობას,"არქიში" აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ასეთი კადრების მოძიება დღეს რთული აღარაა, თუმცა "ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი" ბაზარზე მუშახელის გაძვირებას გამოიწვევს.

“გაძვირებას გამოიწვევს ის, რომ მაგალითად იმ ბლოკს, რომელსაც არქი იყენებს მისი დაწყობა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სტანდარტული ბლოკის დაწყობა. შესაბამისად, მასალის გაძვირების გარდა მუშა ხელიც გაძვირდება,” - განმარტა "არქი"-ს გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში კერძო და საჯარო სექტორისათვის შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი შევა ძალაში, რომლის მიხედვითაც, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგო ეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი უკვე მომზადებულია. ასევე ცნობილია, რომ სამშენებლო ხარჯები სექტორისათვის დაახლოებით 5%-ით გაიზრდება.