25.ივნისი .2021 00:30

"ეს არათანმიმდევრულობის ძალიან მკაფიო ნიშანია" - კალოიანი კოვიდ-ჯარიმების ჩამოწერაზე

"ეს არათანმიმდევრულობის ძალიან მკაფიო ნიშანია" - კალოიანი კოვიდ-ჯარიმების ჩამოწერაზე
views 439
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმებულები სახდელებისგან გათავისუფლდებიან. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით, 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ ჯანდაცვის სპეციალისტები. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი ამბობს, ეს გადაწყვეტილება იმ პირობებში თუ გარანტირებულად არ იქნება ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უზრუნველყოფილი, დიდი რისკის შემცველია.

ამასთან, კალოიანის განმარტებით, ჯარიმების მიღმა მოსახლეობასთან უფრო აქტიური კომუნიკაცია უნდა ხდებოდეს. ეს იმისთვის, რომ მათ უკეთესად დაინახონ არსებული საშიშროება და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ამისთვის, კი სახელმწიფომ მათთან მჭიდრო კომუნიკაცია უნდა აწარმოოს.

“ეს არის არათანმიმდევრულობის ძალიან მკაფიო ნიშანი, რაც, სამწუხაროდ, გასდევს ეპიდემიის მართვას. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან სარისკო გადაწყვეტილებაა, იმ პირობებში, თუ კი არ იქნება გარანტირებული ვაქცინაცია. თუ ჩვენ სექტემბრისთვის ვერ გვეყოლება ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა აცრილი, ეს ეპიდემიოლოგიურად ძალიან მძიმე შემოდგომას გვიქადის. არის ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, თქვენ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა ნიღბის გამოყენების 70%-იანი მაჩვენებელი, რაც საზოგადოებრივი თვითშეგნების ძალიან კარგი მაჩვენებლია. უბრალოდ ამას სჭირდება მუდმივი მართვა და კომუნიკაცია მოსახლეობასთან", - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი.

ცნობისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმისგან დაახლოებით, 245 ათასი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი გათავისუფლდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა