მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ მსოფლიო ღვინის რუკაზე უკვე გავჩნდით“– მეხუზლა

60c4c70566e95
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.21 19:34
1345
მონტე-კარლოში ქართული ღვინო საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარსდგა. მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი; მათ შორის, ასკანელი ძმების, ჭოტიაშვილის მარნის, ჯაყელების ღვინის, ვაზისუბნის მამულის.

ღვინის წარდგენას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლაც ესწრებოდა, რომელმაც Forbes კვირას განუცხადა, რომ ამგვარ ღონისძიენებში მონაწილეობა განაცხადია, რომ ქართველებს კარგი ღვინის კეთება შეუძლიათ.

"ფაქტობრივად საფრანგეთში ვართ და აქ ჩატარებულ ამგვარ ღონისძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ხალხთან და სპეციალისტებთან ქართული ღვინის და გამორჩეული მარნების წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის განაცხადი, რომ ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო ღვინის კეთება.

მსოფლიო დონის ღვინის სპეციალისტების სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ისინი მასობრივი ბაზრის აზრს არ აყალიბებენ, მაგრამ მიულერის და ლუი პასკეს სიტყვა ღვინის სპეციალისტისთვის და ღვინის მოყვარულისთვის ყველაზე ავტორიტეტულია“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

Forbes Georgia–ს რედაქტორის და BMG-ის დამფუძნებლის გიორგი ისაკაძის კითხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღირებული ღვინის ბრენდ „ლიბერ პატერის“ დამფუძნებლის ლუი პასკეს საქართველოთი დაინტერესებას, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: „ის ძალიან არაორდინალური და გამორჩეული მეღვინეა, შეიძლება ითქვას, რომ ის ამ დარგის ხელოვანია. ფაქტი, რომ ლუი პასკე საქართველოთი და ჩვენთან ღვინის წარმოებით დაინტერესდა ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ მსოფლიო ღვინის რუკაზე უკვე გავჩნდით“.

ცნობისთვის, მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინო კომპანია "ასკანელი ძმების" ორგანიზებითა და დაფინანსებით გამოიფინა.