მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის გზავნილი, რომ აქ ინვესტორის უფლებები დაცული არაა" - ერაძე ENKA-ს გადაწყვეტილებაზე

614b3c41b9ba0
ინგა მურუსიძე
22.09.21 23:15
953
ფინანსისტი ირაკლი ერაძე ENKA-ს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოსთან ხელშეკრულება გაწყვიტოს, ნეგატიურად აფასებს. როგორც ის BM.GE-სთან საუბარში ამბობს, მომხდარი აუცილებლად აისახება საინვესტიციო გარემოზე და დამატებით, ახალი ინვესტიციების შემოსვლაზე, რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება.

„ორი სახის გზავნილს ვხედავ, თუ როგორ აღიქვამენ მომხდარს ინვესტორები - საქართველოში ინვესტორის უფლებები არ არის დაცული, იქნება ხელისუფლების მხრიდან, თუ მოსახლეობის განწყობის მხრივ და მეორე - გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ენერგეტიკული პროექტი და პირდაპირ კავშირშია ენერგოდამოუკიდებლობასთან, ისეთი გეოპოლიტიკური თამაშები და ბრძოლა მიდის, რომ ძალიან რისკიანი უნდა იყოს ვინმე, რომ ამ სფეროში ფული ჩადოს“, - აცხადებს ერაძე.

რაც შეეხება კომპანიის მხრიდან პროექტის განხორციელების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღებას და იყო თუ არა შესაძლებელი, მისი თავიდან აცილება, ფინანსისტი პასუხობს: “თუ ვინმე იტყვის, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების და მთავრობის ბრალეულობა არაფერშია, ჩემი აზრით, ადეკვატურობისგან შორს არის. ხელისუფლების ბრალეულობა ის არის, რომ ეს ადამიანები, ე.წ. რიონის მცველები იქ იდგნენ და საშუალება ჰქონდათ ის ეკეთებინათ, რასაც აკეთებდნენ“.

რაც შეეხება ENKA-ს განცხადებაში, ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად დასახელებულ ფორსმაჟორულ სიტუაციას, ირაკლი ერაძის თქმით, ამ შემთხვევაში ფორსმაჟორად ითვლება ის, რომ ადგილზე კომპანიას ფიზიკურად არ ეძლეოდა საშუალება სამუშაოები განეხორციელებინა.

„ფორსმაჟორს რაც შეეხება, აქ ცალსახაა ვისი ბრალეულობაც არის, პასუხისმგებელი ვინ არის ეს სხვა საკითხია, მაგრამ ბრალეულობაზე თუ ვისაუბრებთ, ხელშეკრულებაშიც ფორს-მაჟორის ერთ-ერთი კომპონენტია, როცა კომპანიას არ ეძლევა საშუალება ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ამ შემთხვევაში ე.წ. არანამახვანჰესელები იყვნენ ძირითადი ძალა, რომელთა მოქმედებებმაც წარმოშვა ის მომენტი, რომ კომპანიას არ მიეცა მუშაობის საშუალება.

აქ სახელმწიფო რამდენად პასუხისმგებელია, რომ კომპანიას მისცემოდა უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება, ამას ალბათ იურისტები გაარჩევენ არბიტრაჟში, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ფორს-მაჟორში არის ბრალეულობა იმ ადამიანების, რომლებიც ფიზიკურად იდგნენ იქ და მანქანებს არ აძლევდნენ გადაადგილების საშუალებას.

კომუნიკაციის პრობლემა რომ იყო ეს ხელისუფლებას აქვს აღიარებული რამდენჯერმე და ვეთანხმები ამაში, ეს რომ გაეკეთებინათ, იმ არარაციონალურ ძალებს აღარ შეეძლებოდათ შიშების დათესვა, რაც მოახერხეს. კომპანიას კომუნიკაციაში არაფერი დაუკლია, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა“, - ამბობს ირაკლი ერაძე.