მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ორი პრინციპული საკითხი" - რა ცვლილებებს ითხოვენ კლინიკები ჯანდაცვის კანონპროექტში?

5f11453a3bf08
ინგა მურუსიძე
17.07.20 10:37
863
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ჩაწერილი ნებისმიერი ფრაზა იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას", - ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომიტეტზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებში ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) ცვლილებებს განიხილავენ, რომლის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა. 

„ცვლილებების პროექტში შეტანილია ჩანაწერი კლინიკების საქმიანობის ნებართვის შეჩერების შესახებ. ყველაზე პრინციპული სწორედ ეს არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ მოხდეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება - ეს არის მთავარი პოზიცია. არ უნდა მოხდეს შეჩერების გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად მხოლოდ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც შემოდიან კლინიკაში. პრინციპული საკითხია, ასევე, იმ კრიტერიუმების ცოდნა, თუ რა შემთხვევაში ხდება საქმიანობის შეჩერება. ეს მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოსთვისაც შემდგომში, რადგან სასამართლომ უნდა იცოდეს, თუ რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა კლინიკამ და ეს ჩანაწერი საკმარისი არ არის, ძალიან ბუნდოვანია, ზოგადია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ანუ ჩანაწერი ამბობს, რომ საქმიანობის შეჩერება მოხდება, თუ საქმე ეხება ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ეპიდემილოგიურ მდგომარეობას ანუ ნებისმიერი ეს ფრაზა იძლევა საშუალებას, რომ ინტერპრეტაცია გააკეთოს ადამიანმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში შესულია შემოწმებაზე. ყველა კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წონა“, - განაცხადა მახარაშვილმა.

თავის მხრივ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ კანონში მსგავსი დეტალები ვერ ჩაიწერება. მან იმედი გამოთქვა, რომ კრიტერიუმების შემუშავების პროცესი იქნება ღია და მასში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.