მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის" – Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა

5f378da4866bb
თამთა ჯიჯავაძე
15.08.20 11:17
1858
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - „BB“ დონეზე დატოვა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, Fitch-ის 2020 წლის აგვისტოს ანგარიში საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან მიმართებით, ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ.

სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საიმედო და თანმიმდევრულმა პოლიტიკის ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას.

ამასთან, სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელია ეკონომიკის რეალური 4.8%-იანი კლება 2020 წელს, ხოლო 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღება და 4.5%-იანი ზრდა. რელიზის თანახმად, ვირუსის შემაკავებელი და პრევენციული ღონისძიებების შემსუბუქებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გაჯანსაღებას. ბოლო მონაცემებით, ივნისში ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა თვეებთან შედარებით. 2020 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა მთლიანობაში 5.8%-ით შემცირდა. Fitch-ის შეფასებით, მეორე ნახევარში მოსალოდნელია შიდა მოთხოვნის გაჯანსაღება, რაც მნიშვნელოვნად განპირობებული იქნება სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდით.

„პანდემიის და გლობალურ ეკონომიკაში არსებული პრობლემების ფონზე მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება მსოფლიოში, თუმცა, საკრედიტო ორგანიზაცია Fitch-მა შეაფასა საქართველოს ეკონომიკა და შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღეს და დღეს ეს მაჩვენებელი ჩვენ შეგვინარჩუნდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომელსაც აღნიშნული სარეიტინგო ორგანიზაცია უსვამს ხაზს. კონკრეტულად, ეს არის მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე, რომელმაც განაპირობა ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება.

ბუნებრივია, ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური მმართველობა და სტაბილურობა მაღალ დონეზეა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ კი აღნიშნა, რომ სააგენტოს შეფასებაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), რომელთანაც მისივე თქმით, პროგრამის გაგრძელება 2021 წლის აპრილამდე დადებითი ფაქტორია.

„ეს ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის საიმედოობას და საქართველოს მთავრობის მისწრაფებას გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები. სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება პოზიტიური ფაქტორია, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას საქართველოს მიმართ და დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

Fitch-ი არ მოელის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რამდენადაც არსებობს ზოგადი კონსენსუსი ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, Fitch-მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი. მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ს, იაპონიის, ისლანდიის, მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა, ხოლო კანადის სუვერენული რეიტინგი AAA დან AA+ მდე შეამცირა.