მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი" - გიორგი აბრამიშვილი ENKA-ს გასვლაზე

614ba38888d47
თამთა ჯიჯავაძე
23.09.21 01:37
905
ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი, - ასე აფასებს ENKA-ს გასვლას საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი.

როგორც მან "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა, მაშინ როდესაც ქვეყანაში საინვესტიციო პოლიტიკა ისედაც რთულია, ასეთი რეპუტაციული კომპანიის დაკარგვა და სტრატეგიული პროექტის შეჩერება, არასასრუველ შედეგებს მოუტანს ქვეყანას.

"ჩვენმა სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოიწვია ინვესტორი. ეს ინვესტორის სურვილის გამო არ მომხდარა, ვერ შევძელით რომ ინვესტორს გაეგრძელებინა მშენებლობა, განეხორციელებინა $800 მილიონის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, დაესაქმებინა უამრავი ადამიანი და ეს საბოლოო ჯამში ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი.

ვფიქრობ, ის რომ დღესაც ჯერ კიდევ აკონტროლებს იმ ხეობას პროტესტის რამდენიმე მონაწილე, არის არასწორი. კანონი უნდა კანონობდეს. თუ კომპანიამ მიიღო მშენებლობის ნებართვა, შესაბამისად მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს. იმედს ვიტოვებ რომ ქვეყანას არ დატოვებს ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტორი", - განაცხადა აბრამიშვილმა.

ხოლო კითხვაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ შექმნილი ვითარების შემოსატრიალებლად, აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ ყოველთვის არსებობს მოლაპარაკების რესურსი, მან იმედი გამოთქვა, რომ ამ რესურსს სახელმწიფო მაქსიმალურად გამოიყენებს.

„ბოლო შვიდ თვეში 22%-მდე ავიდა ელექტროენერგიის იმპორტი. ეს ტენდენცია გრძელდება. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, თუ რა მომავალი გველოდება, შემდეგ ტექნიკურად რომ ვეღარ შევძლებთ იმპორტს. გადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურაც არ გვეყოფა და ასობით მილიონი დოლარი კიდევ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაში უნდა ვასხათ, იმის მაგივრად რომ მეზობელი ქვეყნიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ინვესტიციას გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა აბრამიშვილმა.