მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს დეველოპერებს გაუზრდის მოქმედების არეალს" - "სიმეტრია" სივრცითი დაგეგმარების საკანონმდებლო ცვლილებებზე

61fbdaf72f539
თათია ჩაფიჩაძე
03.02.22 22:00
570
დეველოპერულ კომპანია „სიმეტრიაში“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავტორობით შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ინვესტორს გენ.გეგმის კონცეფციისა და სივრცითი დამუშავების დოკუმენტების მომზადების შესაძლებლობას აძლევს, დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ცვლილებათა პაკეტი სხვადასხვა რეგიონების განვითარებას ხელს შეუწყობს.

კომპანიის საინვესტიციო პროექტების მენეჯერი ლაშა ჯამალაშვილი აცხადებს, რომ ნომერ პირველ პრობლემად კვლავ ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერები რჩება, რომელიც ხშირად პროექტებს წლობით აჩერებს.

„ისეთი რთული საინვესტიციო კლიმატის პირობებში, როგორიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მთავრობის მხრიდან გამოხატული ინიციატივა შექმნას დამატებითი შესაძლებლობა ისეთი აქტივების განვითარების, რომელიც დღევანდელ დღემდე შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო გამოყენებული, მისასალმებელი ინიციატივაა. არსებობდა მიწები, რომელიც რეალურად ან უქმად იყო ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა, ამიტომ სასურველია ეს ეკონომიკური აქტივი იყოს ჩართული ეკონომიკაში. ეს ცვლილება დეველოპერებს გაუზრდის მოქმედების არეალს და მისცემს შესაძლებლობას იფიქრონ საინვესტიციო პროექტებზე არა მარტო დედაქალაქში და პოპულარულ კურორტებზე, არამედ დანარჩენ საქართველოშიც.

„სიმეტრია“ დაინტერესებულია რეგიონებში სასტუმრო პროექტების განვითარებით, ამის გარდა გვყავს ისეთი ტიპის ინვესტორები, რომლებიც კურორტის განვითარებით არიან დაინტერესებული. ჩვენი პირდაპირი პროექტია შოვი, რომელზეც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი ძირითადი პრობლემა რეგიონებში არის ხოლმე გაზრდილი ბიუროკრატია, რომელიც ქმნის პრობლემებს და საჭიროა მთავრობამ ძირითადი ინიციატივა გამოხატოს ამ ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაში და იყოს გამარტივებული კომუნიკაცია. შეიქმნას ერთი ფანჯრის პრინციპი, სადაც ინვესტორს ექნება საშუალება ერთ უწყებასთან დაამყაროს კოორდინაცია.

შოვის პროექტზე 3-4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გენერალური გეგმის შეთანხმება, ჩვენ ჩამოვიყვანეთ ავსტრიელი პარტნიორები, რომლებმაც დაამუშავეს კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა, მთავრობასთანაც მოხდა ამ საკითხის შეთანხმება, მათი მხრიდანაც მოხდა დამოუკიდებლად გენგეგმის შემუშავება და ინტერესების დაახლოება, მაგრამ 1 წელია მიმდინარეობს შეთანხმების პროცედურა. ეს ინვესტორებისთვის მოგეხსენებათ ძალიან სენსიტიურია და სასურველი იქნებოდა უფრო სწრაფ რეჟიმში ხდებოდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარება.

ჩვენ ძირითადი პროექტები გვაქვს ბაკურიანისა და შოვის ტერიტორიაზე. თუმცა დაგეგმილი გვაქვს 12 რეგიონში 12 სასტუმროს გახსნა, რომელიც გართულებული პანდემიის გამო დროში გაიწელა. როგორც კი ტურისტების შემოყვანის შესაძლებლობა გაჩნდება, ინვესტორებიც განაახლებენ ინტერესს.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ლაშა ჯამალაშვილმა.

შეგახსენებთ, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებები შედის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავტორობით შემუშავებული კანონპროექტი ინვესტორს შესაძლებლობას აძლევს თავად დაამუშაოს გენ.გეგმის კონცეფცია თუ სივრცითი დამუშავების დოკუმენტები.

ასევე, საინვესტიციო პროექტის განხორციელება შესაძლებელი ხდება უშენ ტერიტორიებზე. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, კანონში განიმარტა საინვესტიციო პროექტის ცნება და ასეთად ჩაითვლება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის არასაცხოვრებელი ფუნქციით განვითარებას და ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას. კანონმა უნდა განსაზღვროს ასეთი პროექტის მინიმალური ღირებულებაც.