მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ძალიან ჰგავს ბრძოლას კრიტიკულ მედიასთან“ - დეპუტატი აზარტული თამაშების რეგულაციაზე

61b8873841168
ინგა მურუსიძე
14.12.21 16:12
612
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ლუდომანიასთან ბრძოლის მიზნით, აზარტული თამაშებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებას მიესალმება, მაგრამ მიაჩნია, რომ ასაკობრივი ზღვარის აწევა და რეკლამირების აკრძალვა საკმარისი არ არის.

გარდა ამისა, მას ხელისუფლებასთან აქვს კითხვები იმის თაობაზე, რატომ განიხილება კანონპროექტი დაჩქარებული წესით. ასევე ანა ნაცვლიშვილის თქმით, მართალია, ინიციატივა და კანონპროექტი კეთილშობილურია, თუმცა ეჭვი აქვს, რომ ის „კრიტიკულ მედიასთან ბრძოლას უფრო ემსახურება“.

განცხადება ნაცვლიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში აზარტული თამაშების წინააღმდეგ ინიცირებული კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

„მე ჩავთვლიდი, რომ ეს არის უკიდურესად კეთილშობილური და დროული ინიციატივა და მივესალმებოდი მის განხილვას, რომ არ იყოს ერთი რეალობა - კანონპროექტი გამოიყურება როგორც ლუდომანიასთან ბრძოლის ინიციატივა, თუმცა ლუდომანიასთან არაეფექტიანი ბრძოლა იქნება ბრძოლა კრიტიკული მედიის წინაღმდეგ, რადგან სარეკლამო შემოსავლების ძალიან დიდი წილი არის სწორედ ამ ბიზნესიდან, რომელიც კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიას აძლევს არსებობის შესაძლებლობას. კანონპროექტი, რომელსაც კეთილშობილური მიზნები აქვს, მეორე მხრივ, შეფარულად, ატარებს კონკრეტულ მიზანს, რომ საარსებო წყარო გადაუკეტოს კრიტიკულ მედიას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის თქმით, გაუგებარია, როგორ უნდა შეივსონ მედიასაშუალებებმა სარეკლამო ბაზარი, როცა ეს შემოსავლის წყარო წაერთმევათ.

„ეს იქნება ძალიან მძიმე ნაბიჯი თქვენი ხელისუფლების მხრიდან, ეს იქნება მედიის წინააღმდეგ გალაშქრება“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვით ბიუჯეტს 50 მლნ დააკლდება - განმარტებითი ბარათი