მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ფუტკრის დედის ექსპორტსაც ხელს შეუწყობს" - მეფუტკრეების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა

63be693303384
მარიამ იზორია
11.01.23 22:29
1456
მეფუტკრეებმა 2023 წელი სიახლით დაიწყეს. მიმდინარე წლიდან მეფუტკრეთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა, კერძოდ კი რეგისტრაციის გარეშე ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და პროდუქტის რეალიზაცია იკრძალება.

როგორც FAO-ს იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე bm.ge-სთან ამბობს, სხვა სარგებელთან ერთად ეს პროგრამა, რომელიც ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაშია ექსპორტსაც წაახალისებს, რადგან ნებისმიერი ქვეყნის მოთხოვნაა მათ მიერ შესყიდული პროდუქტი, მიკვლევადი და სახელმწიფოს მიერ გაკონტროლებული იყოს.

“პროგრამის ინიციატორები თავად მეფუტკრეები არიან. ისინი ცდილობენ ფუტკარი და ფუტკრის მიერ ნაწარმოები პროდუქტი ექსპორტზე გაიტანონ. შესაბამისად, , მათ სურთ საქართველოში გაიცეს ისეთი სერტიფიკატი, რომელიც ექსპორტის რთულ პროცესს გაამარტივებს და ხელს შეუწყობს. ოქტომბერ-ნოემბრიდან რამდენიმე ათეული მეფუტკრის რეგისტრაცია მოხდა, ეს ის ფერმერები არიან, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პროდუქტი ექსპორტზე გაიტანონ” - აღნიშნავს მიხეილ სოხაძე.

მეფუტკრეების რეგისტრაციის პროგრამას დადებითად აფასებენ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაშიც და ვარაუდობენ, რომ პროგრამის დახმარებით კონკრეტული გეგმების შედგენა გამარტივდება. ამასთან, ისინი სამომავლოდ დედა ფუტკრის წარმოებასაც განიხილავენ. რეგისტრაციის პროგრამის დახმარებით კი ქართულ ფუტკარს ექსპორტის მეტი შესაძლებლობა ექნება, მეფუტკრეებს კი დამატებითი შემოსავლები გაუჩნდებათ.

“პროგრამა თაფლის მიკვლევადობას ემსახურება. მეფუტკრეობა მხოლოდ თაფლის წარმოება არ არის. ჩვენ სხვა პროდუქტების წარმოებასაც ვგეგმავთ. მეფუტკრეობა თავისი პოტენციალით არაფრით ჩამოუვარდება მეღვინეობას. აღწერა-რეგისტრაცია საშუალებით ჩვენ ამ პოტენციალს ზუსტად გავთვლით, მაგალითად, განვსაზღვრავთ რომელ რეგიონში რამდენი და რა სახეობის თაფლი გვექნება, სად რა პრობლემებს აწყდებიან მეფუტკრეები. ამასთან, ჩვენ, კავკასიური ფუტკრის დედების ექსპორტზეც ვფიქრობთ, პროგრამა კი ფუტკრის დედის ექსპორტს შეუწყობს ხელს, მეფუტკრეებს კი დამატებითი შემოსავლები გაუჩნდებათ” - აღნიშნავს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი ალეკო პაპავა.

ინფორმაციისთვის: სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის პროექტის მხარდაჭერით, საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.