05.აპრილი .2021 21:05

"ეს გარდაუვალია" - იმედი L-ი ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მიმართულებით ზრდას ელოდება

"ეს გარდაუვალია" - იმედი L-ი  ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მიმართულებით ზრდას ელოდება
views 810
უკან

საქართველოში, სადაზღვევო სექტორის ყველაზე დიდი მიმართულება კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისია. ამ მიმართულებით კომპანიებმა, ჯამში, 267.6 მილიონი ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგს 33.6 მილიონი ლარით აღემატება.

მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ჯანმრთელობის დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს. ბაზრის მოთამაშეებს ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ, მათი გათვლებით, ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან ის ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა.

“ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საქართველოს მოსახლეობის 17% იყენებს, რაც ოთხი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი. ეს ინდუსტრია იზრდება, შეიძლება თითო-თითო პროცენტით ზრდა მცირედით ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ დღეს ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით საქართველოს მოსახლების 17% სარგებლობს, ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება რომ სარგებლობდეს პირობითად 20%, მაგრამ დინამიკაში თუ შევხედავთ ზრდა გვაქვს. ველოდებით თუ არა რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება? გეტყვით, რომ დიახ. ჩვენ სულ გვაქვს მოლოდინი, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ზრდა გვექნება, ეს არის ის კომპონენტი, რითაც ადამიანები შეძლებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაფინანსების უზრუნველყოფას. ეს აუცილებლად მოხდება. შეიძლება მოხდეს ნელი ან ჩქარი ტემპებით, მაგრამ ეს გარდაუვალია", - აცხადებს სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მოზიდული პრემიების მოცულობას, ავტოდაზღვევა მოსდევს, რომლის მოზიდული პრემიების მოცულობა 116.7 მილიონი ლარია. დაზღვევის ეს მიმართულება წლიურად მხოლოდ 4.6 მილიონი ლარით გაიზარდა.

მესამე ადგილზეა ქონების დაზღვევა, საიდანაც სადაზღვევო კომპანიებმა 108 მილიონის პრემიები მიიღეს. ქონების დაზღვევის სეგმენტი 2020 წელს 19.8 მილიონი ლარით გაიზარდა.

ცნობისთვის, 2020 წლის განმავლობაში ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა სულ 667 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიები მოიზიდეს - ამის შესახებ კომპანიების მიერ მარეგულირებლისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები 2020 წელს 42.3 მილიონი ლარით გაიზარდა. გასულ წელს სექტორის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის წმინდა მოგებასთან შედარებით 89%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა