მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ღირსების საქმეა" - ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის ექსკლუზიური დეტალები

6144700d578a0
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.21 15:00
2920
ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სს სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ მის შესახებ გაჟღერებული დამახინჯებული ფაქტების გამო კალიფორნიის სასამართლოში უჩივის, მის ინტერესებს კი საადვოკატო ფირმა BLB იცავს. სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში შეტანასთან დაკავშირებით BLB-ის პარტნიორმა რუსუდან მაისურაძემ  BMG-ის გადაცემა „ანალიტიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

„ქართულ იურისპრუდენციაში ეს მართლაც უპრეცედენტო საქმეა და რაც მთავარია, BLB-ში ჩვენ ამას „ღირსების საქმეს“ ვეძახით“, - განაცხადა რუსუდან მაისურაძემ.

მან აღნიშნულ საქმეზე ნონა გაფრინდაშვილის მხრიდან მოთხოვილი თანხის მოცულობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს ის მინიმალური თანხაა, რომელსაც მოჭადრაკის კატეგორიული გადაწყვეტილებით ითხოვენ, რადგან თავად ნონა გაფრინდაშვილისთვის უმთავრესი ის რეპუტაციული შეურაცხყოფაა, რაც მან სერიალში გაჟღერებული ინფორმაციით მიიღო.

„პირველ რიგში, ნონა გაფრინდაშვილისთვის შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა წარმოადგენს უპირატეს მიზანს. რაც შეეხება 5 მლნ დოლარის მოთხოვნას, ეს საქმე ერთი დღის, თვის ან სამი თვის წინ არ დაწყებულა. ამ საქმეზე მუშაობა 8 თვის წინ დავიწყეთ, რომლის დროსაც ძალიან ცნობილ ამერიკელ იურისტებს ვეთანამშრომლებოდით. ძალიან ბევრი მუშაობის, ფიქრის და განსჯის შემდეგ მივედით ამ თანხამდე. გარდა ამისა, ნონას კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მინიმალური თანხა მოგვეთხოვა. თანხასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, რეკომენდაცია ამერიკელ იურისტებს ვთხოვეთ, რადგან მიუხედავად თეორიული ცოდნისა, ამის პრაქტიკა არ გაგვაჩნია. თუ ამერიკულ პრეცედენტებს გადავხედავთ, ამ ტიპის საქმეებისთვის მართლაც მინიმალური თანხაა და იქ ათეულობით მილიონია მოთხოვნილი, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნონას დაჟინებული მოთხოვნით, თანხა მინიმალური უნდა ყოფილიყო. გასაკვირია, რომ აქცენტი 5 მლნ დოლარზე კეთდება“, - აღნიშნა BLB-ის პარტნიორმა.

კითხვაზე - აქვს თუ არა სერიალს უფლება კორექტივები შეიტანოს სცენარში, მაშინ როდესაც ის არ არის დოკუმენტური მასალა და რა არგუმენტებს გამოიყენებს Netflix-ი დასაცავად, რუსუდან მაისურაძეს ასეთი პასუხი აქვს:

„Netflix-ი გამოხატვის თავისუფლებას გამოიყენებს როგორც დაცვას და ზუსტად მაგას მიუთითებს, რომ ეს ფიქციური გამოგონილი ამბავია. ეს ამბავი და მისი ყველა პერსონაჟი ნამდვილად გამოგონილია, ნონა გაფრინდაშვილის გარდა. ის ერთადერთი რეალური სპორტსმენია, რომლის მიღწევები შეგნებულად დააკნინეს და გამოხატვის თავისუფლების დაცვა არ მუშაობს ასე იოლად. ეს არის დეფამაცია - ანუ ცილისწამება, პატივისცემისა და ღირსების დაკნინება და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სპორტსმენის შესახებაა გამოყენებული. ასე ადვილად გამოხატვის თავისუფლების დაცვა არ იმოქმედებს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თავად უოლტერ ტევისის ნოველიდან Netflix-მა სრული ტექსტი გადმოიღო, თუმცა ერთი წინადადება შეცვალა.

ეს ღირსების საქმეა არამხოლოდ ნონა გაფრინდაშვილისთვის, რომელიც საოცრად შეურაცხყოფილი იყო იმ დეფამაციული განცხადებით, რომელიც Netflix-მა სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ მიზანმიმართულად გააკეთა, არამედ ეს სრულიად საქართველოს საზოგადოებისთვისაა ღირსების საქმე. ძალიან ცოტა ადამიანი გვყავს ისეთი, როგორიც ნონა გაფრინდაშვილია და მათი ღირსება ყოველთვის უნდა დავიცვათ მით უმეტეს, როდესაც ხდება აბსოლუტურად დეფამაციული ტყუილი, ყალბი ფაქტების მიზანმიმართული შეგნებული გაცხადება. ნონა გაფრინდაშვილისთვის ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელი მისი ეთნიკურად რუსად მოხსენიება იყო. შეხვედრაზე მან მოგვიყვა, რომ ძალიან დიდ ტურნირზე, საჭადრაკო დაფასთან დაჯდომისას დაინახა, რომ დაფას ეწერა Russia და ის არ დაჯდა სათამაშოდ სანამ არ გაასწორებინა ან დააწერეთ „საბჭოთა კავშირი“ ან დააწერეთ „საქართველოო“, - თქვა BLB-ის პარტნიორმა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.

იურიდიულ კომპანიაში, რომელიც ამერიკელ იურისტებთან პარტნიორობით 8 თვის განმავლობაში ამზადებდა სარჩელს, სჯერათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ.

„ფაქტი იმისა, რომ BLB-მ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ამ საქმის სასამართლომდე მიტანა შეძლო სარჩელის სახით და ამ საქმემ სულ რაღაც 24 საათში ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰპოვა, ვფიქრობთ, ეს ჩვენი პირველი გამარჯვებაა. ძალიან მყარი სამართლებრივი საფუძვლები გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა რუსუდან მაისურაძემ.

ცნობისთვის: ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. ნიუ-იორკ თაიმსი კი ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას იშველიებს, რომლის სათაურიცაა - „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“.