მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს საქართველოს სატრანზიტო როლს აქტიურს გახდის" - რას მოგვიტანს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა?

632edf151ea44
მარიამ იზორია
24.09.22 18:15
877
სუამ-ის წევრ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის  რამდენიმე დღის წინ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს? – bm.ge-მ ამ შეკითხვით რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს და „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ვალერი ჩეჩელაშვილს მიმართა.

როგორც ჩეჩელაშვილი განმარტავს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამივე ქვეყანასთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან და უკრაინასთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობა უკვე აქვს, ხელმოწერას ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არ ექნება. თუმცა მისივე თქმით, ეს მრავალმხრივი შეთანხმება საქართველოს სატრანზიტო როლს გაზრდის.

„საქართველოსთვის ამას მაინც და მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ჩვენ სამივე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულებები ისედაც გვქონდა. მაგრამ შეთანხმებით ყალიბდება რეგიონული დაჯგუფება, რომლის ინტერესების პალიტრა არის ძალიან ფართო.

დღეს როცა რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი, ამასთან ღია კონფლიქტშია საქართველოსა და მოლდოვასთან, ფარულ კონფლიქტში კი აზერბაიჯანთან, ეს შეთანხმება იმასთან ერთად, რომ მრავალმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს განავითარებს, წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტსაც. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ოთხივე ქვეყანაში სერიოზული მოლოდინებია.

საქართველოს სამივე ქვეყანასთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ისედაც აქვს, თუმცა აქ საუბარია მრავალმხრივ ფორმატზე, ანუ ეს არის აზერბაიჯანის ვაჭრობა უკრაინასთან, რომელიც საქართველოს გავლით მოხდება. ჯამში, მრავალმხრივი შეთანხმება საქართველოს სატრანზიტო როლს უფრო აქტიურს გახდის“ - აცხადებს ჩეჩელაშვილი.