მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციოთ" - მაია მელიქიძე ენერგოსექტორზე

63f0826cad3f5
თინათინ ნატმელაძე
20.02.23 11:10
671
რამდენიმე დღის წინ Visual Capitalist-მა მსოფლიოს ენერგეტიკული რუკა გამოაქვეყნა, სადაც ევროპის უმსხვილესი ენერგეტიკული წყაროები ქვეყნების მიხედვითაა ასახული, მათ შორის აღმოჩნდა საქართველოც, სადაც ძირითადი აქცენტი ჰიდროენერგეტიკასა და ქარის ენერგიაზეა გაკეთებული. საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე აქტიურად საუბრობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მათი მიზანია, საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად აქციონ.

რეალურად რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ამ მხრივ და რა მექანიზმები უნდა განხორციელდეს ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად, - ამის შესახებ „ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის“ პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რესურსი, რომ არამხოლოდ მომხმარებელი და იმპორტიორი, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანაც გახდეს, თუმცა ამ პროცესში მთავარ გამოწვევად საზოგადოების ცნობიერებას ასახელებს.

„საქართველოსთვის ენერგეტიკა არის გადამწყვეტი - ეკონომიკის საყრდენი, ხერხემალი და ფუნდამენტი. ამჟამად ჩვენ ადგილობრივი მოხმარება გვაქვს 2 200 მეგავატი, აქედან 1 600 მეგავატს ადგილზე ვაგენერირებთ, დანარჩენის იმპორტს ვახდენთ, ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ის პოტენციალი, რაც გაგვაჩნია - ჰიდრო, მზე, ქარი - ყველაფერი ავითვისოთ და გავხდეთ არამხოლოდ მომხმარებლები და იმპორტიორები, არამედ ექსპორტიორი ქვეყანა.

ამჟამინდელმა პოლიტიკურმა სიტუაციებმა ჩვენი ქვეყნის როლი ძალიან გაზარდა, ეს წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციოთ - რაც შეიძლება მეტი გენერაციის წყარო უნდა ავაშენოთ, მათ შორის დიდი ჰესებიც და მნიშვნელოვანია, რომ ის თუ რა დატვირთვა აქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის განვმარტოთ აკადემიურ, სამეცნიერო და სამუშაო რეჟიმში, რადგან ამ პროცესში მთავარი გამოწვევა ცნობიერების დაბალი დონეა.

საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ინვესტიციების მოზიდვის წყარო და გრძელვადიანი პერსპექტივა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და მსოფლიო რუკაზე ჩვენი დატვირთვის შანსი", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისივე ცნობით, ევროპის მხრიდან საქართველოს ენერგეტიკული რესურსებით დაინტერესებას ადასტურებს ისიც, რომ 2026 წელს ქვეყანა მსოფლიო ენერგეტიკულ პროცესს პირველად უმასპინძლებს, რაც იქნება ძალიან დიდი შანსი იმის, რომ ქვეყანამ ინვესტიციები მოიზიდოს.

რაც შეეხება რეგიონული თანამშრომლობის საკითხს, „ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის“ პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ინტელექტუალური თვალსაზრისით ერთგვარი ხიდი გახდეს.

„ჩვენს რეგიონში არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თუმცა ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანი არიან ის ქვეყნები, რომლებიც არ აქტიურობენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მათთან ურთიერთობაში აქტიურები - ესენია ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია აღმოვჩნდეთ ისეთი ქვეყანა, რომელიც საკუთარი გამოცდილების გადატანას სხვა ქვეყნებში ცდილობს.

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ხიდი ინტელექტუალური, აკადემიური თვალსაზრისითაც. ქართველი ექსპერტები უკვე უტარებენ ტრენინგებს ყაზახებს, უზბეკებს და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ასოციაცია ამ მიმართულების გაღრმავებაზე მუშაობს", - განმარტავს მაია მელიქიძე.