17.თებერვალი .2022 14:03

"ეთიკის კოდექსი" კრედიტის ამოღების აგრესიულ პრაქტიკას შეცვლის - არჩილ ბაკურაძე

"ეთიკის კოდექსი" კრედიტის ამოღების აგრესიულ პრაქტიკას შეცვლის - არჩილ ბაკურაძე
views 2352
უკან

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის ამოქმედებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს ფინანსურ ბაზარს კიდევ უფრო მოწესრიგებულს გახდის. ამის შესახებ მან სასტუმრო „რუმსში“ ეთიკის კოდექსის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ფინანსური სექტორის ჰუმანიზაცია ბოლო წლებში აშკარაა და დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ სესხის ამოღების პრაქტიკა კიდევ უფრო მოწესრიგებული გახდეს. ეს ძალიან სწორია, რადგან საბოლოო ჯამში ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი ქონებრივი მდგომარეობისა, შეიძლება ფინანსური პრობლემა შეექმნას. ჩვენი გამოცდილებით ადამიანთან უმრავლესობა კეთილსინდისიერია, შესაბამისად, ძალადობისა და მანიპულირების ადგილი ფინანსურ სექტორში არ არის, დღეს ამაზე საკმაოდ მკაფიოდ ითქვა. მალე ძალაში შევა კოდექსი, რომლითაც მომხმარებლის უფლება დაცული იქნება. საბოლოო ჯამში ეს პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც გამოადგება ფინანსურ სექტორსაც, რამეთუ გაზრდის მის მიმართ ნდობას და რა თქმა უნდა მომხმარებელსაც“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

კითხვაზე, რამდენად მარტივი იქნება ფინანსური ორგანიზაციებისთვის კრედიტის ამოღების ეთიკის კოდექსის შესრულება, „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარე ამბობს, რომ დღეს ფინანსურ სექტორში პრობლემური აქტივების გასხვისების პრაქტიკა უკვე არსებობს, რომელიც მორალურ სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

„ჩვენ ჩვენს აქტივებს არ ვანდობთ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ მინიმალური სტანდარტი. თუ სადმე ბაზარზე რჩებოდა ასეთი აგრესიული პრაქტიკა, ისიც ამოიწურება. იქ არის მოთხოვნები, რომელიც ტექნიკურ გადაიარაღებას საჭიროებს და ეს უნდა გავაკეთოთ“, - განმარტა ბაკურაძემ.

აღსანიშნია, რომ ეთიკის კოდექსისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების ძირითადი მოთხოვნები 2022 წლის 1 მარტიდან, ხოლო მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოების ვალდებულება არაუგვიანეს 1 ივნისიდან ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა