მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU-ს ქვეყნებს 5-10 მძიმე ზამთარი ელის, თუ გაზის ფასის შემცირებისთვის არაფერი გაკეთდება" - მინისტრი

630d11d2ef667
თამთა ჯიჯავაძე
29.08.22 23:46
612
ევროკავშირის ქვეყნებს 5-10 მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევთ, თუ გაზის ფასის შემცირებისთვის ნაბიჯები არ გადაიდგმება, - ამის შესახებ ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნები ენერგომატარებლების გაძვირების გამო, რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ბუნებრივი აირის მთავარ მიმწოდებელს - რუსეთს დასავლეთმა უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციები დაუწესა. ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერით გამოდიან, ცდილობენ რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი შეწყვიტონ. თუმცა, ისიც აღსანიშნია, რომ რუსეთმაც თავის მხრივ შეამცირა ენერგორესურსების ევროპისთვის მიწოდება.

შექმნილი ვითარების გამო, გაზის ფასების გარდა, ელექტროენერგიის ფასებმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

„უნდა შეჩერდეს ის სიგიჟე, რაც ახლა ენერგობაზარზე ხდება. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთის პრეზიდენტს უფლება ყოველდღე ევროპული ელექტროენერგიის ფასები განსაზღვროს“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა.

გერმანია კი, რომელიც რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორი იყო 2020 წელს, ზამთრამდე გაზის მარაგების შევსებას ცდილობს. მათ მიზანს ოქტომბრისთვის გაზის მარაგების 85%-მდე უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამას სხვადასხვა ზომების მიღებით ახერხებს, რაც ენერგორესურსების მოხმარების შემცირებას უკავშირდება.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერმაც მოუწოდა ბიზნესებს, მომდევნო თვისთვის ენერგორესურსების დაზოგვის გეგმები შეიმუშაონ.