მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპა საქართველოში - ფინანსურ ციფრებს მიღმა" - თამარ ხორბალაძის ბლოგი

613890e1ce831
თამარ ხორბალაძე
09.09.21 11:00
703
ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა EPRC-ის მიერ.

სანამ პანდემია დაიწყებოდა და ყველა და ყველაფერი საკუთარ სახლებში გამოიკეტებოდა, 2019 წელს, ევროპულ უნივერსიტეტებში 1144, 2020 წელს კი – 1754 სტუდენტი და აკადემიური პერსონალი წავიდა ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში სასწავლებლად. დღემდე – ჯამში 6509 სტუდენტი. ამ პროექტით ევროკავშირმა ქართველ სტუდენტებს მინიმუმ 6 თვე სწავლა და ცხოვრება დაუფინანსა ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში, რითაც უნიკალური საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარ ბიოგრაფიაში ევროპული განათლების გრაფის გაჩენის შესაძლებლობა მისცა.

თუ რუსი და ჩვენი ოლიგარქები, საკუთარ შვილებს არა რუსულ, არამედ ამერიკულ და ევროპულ განათლებას საკუთარი ფულით აძლევენ, ევროკავშირმა ეს შესაძლებლობა ჩვენნაირი და თქვენნაირი ადამიანებისთვის გახსნა, “ჩვეულებრივებისთვის”, ბეჯითებისთვის, ფული რომ არ აქვთ, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა რომ არ ეზარებათ. აი, იმ ბავშვისთვის, კარავს რომ უდგამს მამა სადღაც საქართველოს მთიანეთში, ქარსა და წვიმაში ინტერნეტი უკეთ რომ დაიჭიროს და უცხო ენის სწავლა და გაკვეთილებზე დასწრება, კოვიდის ეპოქაშიც კი, ასე მოახერხოს; იმ გოგოსთვის, სახლიდან 6 კილომეტრში რომ აქვს სკოლა, მოფახფახებული ავტობუსის იმედად რომაა დარჩენილი და გაკვეთილებზე მისასვლელად ხშირად ამ მანძილს ფეხით გადის; სტუდენტისთვის, რომელიც 300 ლარიან სამსახურში ღამეებს ათენებს, მერე ამ სამსახურს სხვა „შეთავსებებსაც“ უმატებს და მაინც იტოვებს დროს, რომ არა მხოლოდ ლექციაზე იაროს, არამედ უნივერსიტეტში მაღალი ქულები მოიპოვოს, ინგლისურის ტესტი ჩააბაროს და ერასმუსის პროექტით ვენაში 6 თვით ურბანისტიკის, ამ იშვიათი პროფესიის დასაუფლებლად წავიდეს...

ბევრისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია, რომ თავისი სამომავლო ცხოვრება სხვაგვარად გადააწყოს და ისეთი განათლება მიიღოს, რომელიც ჩარჩოებს არ ცნობს – თანაბარი წარმატებით რომ გაუწევს კონკურენციას ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნების მოქალაქეებს ნებისმიერ მზარდ ეკონომიკური ბაზარზე, ევროპულზე, აზიურსა თუ, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსულზეც, სადაც წამყვანი კომპანიების სათავეებში სწორედ დასავლურ განათლებამიღებულებს არჩევენ და არა ადგილობრივი უნის.

ხოდა, ასე ჩნდებიან Google, Facebook და მსოფლიო სხვა მულტინაციონალური კომპანიების დასაქმებულთა რუკაზე საქართველოში კურსდამთავრებულები – ქართულ უნივერსიტეტებს დღეს ძალიან უყვართ ხოლმე მათი სახელებით თავის გამოჩენა, ამაში მათ ვებგვერდებზე თვალის ერთი გადავლებაც დაგარწმუნებთ.

Erasmus+ ერთ-ერთია იმ ჩარჩო პროექტებს შორის, რომელსაც ბოლო წლებში საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში, მისი დემოკრატიული არჩევანის გამო იღებს.

ევროკავშირის კიდევ ერთი მსხვილი პროექტია „Horizon 2020“, რომელსაც ქვეყანა 2016 წელს შეუერთდა.

ეს პროექტები და, ზოგადად, ევროპული სამეცნიერო დაფინანსებები ქართველ მეცნიერებს, გარდა იმისა, რომ ფინანსურად თავის გატანის შესაძლებლობას აძლევს, მათ ისეთ მსხვილ პროექტებში ჩართვას უზრუნველყოფს, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენელიც კი რომ იქნებოდა. იცოდით, რომ საქართველო იმ 15 ქვეყანაში შედის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში უმსხვილესი KM3NeT პროექტის საფუძველდამდებები არიან – რაც გულისხმობს კვლევებს ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში, ასევე ზღვის შემსწავლელ მეცნიერებებში; ან ის, რომ ქართველი ფიზიკოსების საკმაოდ დიდი გუნდი მუშაობს დღეს მსოფლიოს ყველაზე მსხვილ კვლევით ცენტრში ევროპის შუაგულში – CERNში არცთუ ხელწამოსაკრავ პოზიციებზე და სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოცნობას მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ერთად ცდილობს? ან გაგიგიათ, როგორ მუშაობენ გერმანელი და ქართველი მეცნიერები ერთად, რომ ენგურჰესის კაშხლის მდგრადობა თანამედროვე მოდელირების სისტემებით შეაფასონ და მომავალი ეკოლოგიური კატასტროფების პრევენცია მოახერხონ საქართველოში? იცით, ემოციური ინტელექტისა და პოზიტიური ფსიქოლოგიის, ან ეთნოგრაფების ქართული კვლევების შესახებ, შავი ზღვის ეკოლოგიის შემსწავლელთა შრომაზე ან სხვების, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საინტერესო სამეცნიერო ნიშას იკავებენ? არქეოლოგების ექსპედიციებზე თუ გაგიგიათ – მაგალითად, თსუ გრაკლიან გორაზე, სადაც კვლევების საწარმოებლად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან სტუდენტები და სადაც მეცნიერები რეგიონში ყველაზე ადრეული დამწერლობის აღმოჩენის შესახებ აკეთებენ განაცხადს, იპოვებენ აშშ-სა და ევროპული ლაბორატორიების დასკვნებს, რათა ეს აღმოჩენები კიდევ უფრო სანდო გახადონ და საქართველოს ამ თვალსაზრისითაც უნიკალური როლი დაუდასტურონ? მოკლედ, თუ გაგიგიათ, რომ კვლევისა და ძიების დაფინანსების მნიშვნელოვანი ტვირთი, ძირითადად, რუსთაველის სახელმწიფო ფონდის მექანიზმის გავლით, სწორედ ევროკავშირს აქვს ნაკისრი და სწორედ ის უზრუნველყოფს დღეს ქვეყნის სამეცნიერო ცხოვრების მოძრაობის და სიცოცხლისუნარიანობის დიდ ნაწილს?! მათ შორის იმას, რომ ქართულმა უნივერსიტეტებმა საერთაშორისო სამეცნიერო და სასწავლო რანჟირებებში პოზიციები გაიუმჯობესონ და უკვე მათი დიპლომებიც უფრო და უფრო მისაღები გახდეს საერთაშორისო და ადგილობრივი დამსაქმებლებისთვის. 

სწორედ სწავლის გაუმჯობესებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტები, რომლის პარტნიორებს შორის არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო თუ კერძო, არამედ ბათუმის, გორის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის, ქუთაისის უნივერსიტეტებსაც ნახავთ.

თუ მეცნიერება ყველასთვის გასაგები და საინტერესო არ არის, მცირე ბიზნესის კეთება და საკუთარი ბიზნესის მართვა ხომ ყველას გვინდა. Horizon 2020-ის ფარგლებში 2018 წლისთვის უკვე 130 მილიონი ლარის დაფინანსება იყო დახარჯული ინოვაციური ბიზნესისთვის შეღავათიანი კრედიტების მისაღებად.

ვინც არ იცის, შეღავათიანი კრედიტი იმას ჰქვია, თანხის გადახდისთვის საკმაოდ დიდი ვადა რომ გაქვს და თან თანხის ძირითად ნაწილს პროცენტში რომ არ იხდი, როგორც ჩვეულებრივი საბანკო კრედიტის დროს.

ამას გარდა, EU4Business ინიციატივით, საქართველოში 2009 წლიდან 63 000 მცირე მეწარმეზე მეტმა მიიღო შეღავათიანი სესხი. ყველამ ვისაც სურდა? ცხადია, არა. ყველამ ეფექტიანად გამოიყენა, შესაძლოა – არც ისე. თუმცა, ჩვეულებრივი ან ჩვეულებრივთან მიახლოებული ადამიანებისთვის რომ შეღავათიანი სესხის მიღების შესაძლებლობა გაჩნდა, ესეც სწორად ევროკავშირის დამსახურებაა. იმ ევროკავშირის, ENPARDის პროგრამის ფარგლებში, მაგალითად, ქართული 1600-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნის სტიმულირება რომ სცადა, ფინანსებიც მისცა, ტექნიკური დახმარებაც, მაგრამ კოლექტივიზაციის საბჭოთა გაგების ამოძირკვა და კოოპერაციის გაგების დანერგვა ყველგან რომ ვერ შეძლო.

ბოლოს ბათუმში ხომ არ ყოფილხართ? 110-120 კილომეტრ/საათით ხომ არ დაგიფარავთ საკმაოდ გრძელი მონაკვეთები და მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად შეგიმცირებიათ? აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი ერთ-ერთია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლის თანადაფინანსებაშიც წილი სწორედ ევროპის ფინანსებს აქვს. ევროკავშირის გრანტები დაიხარჯა წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აჭარის, კახეთისა და იმერეთის რეგიონშიც, და ბევრ ქართულ სოფელში დღეს თუ ჭაბურღილი გაკეთდა და ონკანიდან წყალი მოდის, ამაშიცაა მათი წვლილი. ისევე, როგორც ენგურჰესის კაშხლის გამაგრების და ზოგიერთი სხვა ენერგეტიკული პროექტის დაფინანსებაში, რამაც ჩვენს ფანჯრებში სინათლე უფრო მეტი დროით და სტაბილურად უნდა უზრუნველყოს.

მანამდე კი ქართველი მწარმოებლების ნაწილი ევროკავშირის „გახსნილი“ თავისუფალი ბაზრის ათვისებას ტრადიციული და არატრადიციული საექსპორტო პროდუქციით ცდილობს. თბილისის გარეუბანში, ერთ პატარა საწარმოში გაკეთებული ცხოველებისა და ჩიტების ხის სახლები ევროპის სოფლების ეზოებში იდებს ბინას; ქართული საბავშვო ტანსაცმლის პატარა სამკერვალო, ისევ ევროპული, შვედური დაფინანსებით, ბრიტანულ ამაზონზე გადის; საქართველოში შეკერილი საერთაშორისო ბრენდების სპორტული ფორმით მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპული გუნდი თამაშობს; ზოგიერთი ევროპელი კი ბუხარში ნაცარს საქართველოდან ექსპორტირებული ბუხრის აქსესუარებით ჩიჩქნის; ქართული თაფლის, რომელიც ანტიბიოტიკებით და ათასი დამაბინძურებელით იყო სავსე, ხარისხი იზრდება და პირველი პარტია ევროპაში გადის; სოფლის მეურნეობის აქამდე ნაცნობი პროდუქტის, ღვინისა და თხილის გარდა, ლურჯი მოცვის, მაყვლის, ნუშის და სხვა ბაღები ჩნდება, რადგან როცა წარმოების ხარისხი იზრდება, იზრდება ბაზარიც ამ პროდუქტისთვის...

იქნებ ბევრმა არც კი იცის, რომ სწორედ ევროკავშირის შეღავათიანმა სავაჭრო რეჟიმებმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ, ისევე, როგორც შესაბამისმა პოლიტიკურმა ნებამ და დაფინანსებებმა, განაპირობა ის, რომ დღეს საქართველოს ექსპორტის 27%-ზე მეტი სწორედ ამ სტაბილურ, ერთი ოლიგარქისა თუ პუტინის ტიპის მმართველის ნება-სურვილზე დამოკიდებულ კი არა, დემოკრატიულ პრინციპებზე მომუშავე ბაზარს უჭირავს. იმას, რომელიც, მაშინაც კი, თუ რუსეთისკენ პოლიტიკური სქროლვით ბეჭს ამოვიგდებთ, პოლიტიკური მოტივით, ქართველ მწარმოებელს არ გაწირავს და ისე, ერთ დღეში არ ჩაუკეტავს უკვე ათვისებულ ბაზარს, როგორც რუსეთმა 2006 წელს ქართული პროდუქციის მიმართ მოახერხა, 2019 წელს კი ქართულ ტურიზმთან დაკავშირებით სცადა. ეს 27% თითქმის 2-ჯერ მეტია რუსეთის ბაზარზე გატანილი ექსპორტის ფასზე, რასაც ყველა რჯულის რუსეთუმე, რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად, დროდადრო წამოგვაყვედრებს ხოლმე. 

ქართულ კულტურას რომ ევროპა უკეთ ეზიაროს, საქართველო კი – ევროპულს, ამ მიზნით ევროკავშირმა 2016-2020 წლებში „შემოქმედებითი ევროპის“ სახელით 1,46 მილიარდ ევროიან პროექტში საქართველოც ჩადო და გრანტებით (ანუ საჩუქრის სახით) მხარდაჭერა არაერთ ხელოვანს, მხატვარს, მომღერალს, მუსიკოსს, რეჟისორს, ოპერატორს, ფოტოხელოვანს, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენელს გაუწია. ასე აღმოჩნდა დოკუმენტური ფილმების ფესტივალი „სინედოკი“ თბილისში, ქართველი მხატვრების და ფოტოხელოვნების გამოფენები – ევროპის ქალაქებში, ქართველი და ევროპელი თეატრალების ერთობლივი იდეები ქართულ და ევროპულ თეატრალურ სცენებზე და ა.შ. ამ პროგრამამ ქართული კულტურის მოღვაწეებს შესაძლოა არა იმდენად პური, (თუმცა ესეც) არამედ, რაც მთავარია, საკუთარი იდეების განხორციელებისა და ამ იდეებით ახალი სარბიელების დაპყრობის შესაძლებლობა მისცა.

ევროპაში აღმოჩენა კი, ისევ ევროკავშირის ნებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სწორი ორიენტაციული არჩევანის გამო, რასაც ეს ნება ეფუძნება, ყველა მათგანს, ბიზნესის წარმოების მსურველებსაც, სტუდენტებსაც, ხელოვანებსაც, ტურისტებს თუ თუნდაც სამუშაოს მძებნელთ, 3 თვით მაინც, 2017 წლიდან, უვიზო რეჟიმით შეუძლიათ.

ასე თანდათან, ევროკავშირმა საქართველოს ფულად გზავნილებშიც მოწინავე პოზიცია დაიკავა და ხშირ შემთხვევაში არალეგალურად, ზოგჯერ კი უკვე ოფიციალური ნებართვებით, ევროპის ქვეყნებში დარჩენილი მოქალაქეები დღეს საქართველოში მყოფი ოჯახების რჩენის ერთადერთ იმედად იქცნენ. ფულადი გზავნილების წილი, ჯამურად, მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 13%-ს აღწევს. შედარებისთვის – 2019 წელს საქართველოს მშპ-ში ტურიზმის წილი 8,1 % იყო, სოფლის მეურნეობის წილი კი – 7,7%.

ყველა ამ ციფრის მიღმა ადამიანები დგანან – ისინი, ვინც სწავლობს, ვინც იკვლევს, ვინც შრომობს, ვინც გზავნილს იღებს, ვინც საკუთარ იდეებს ახორციელებს, ვისაც მოსავალი მოჰყავს, ვინც აწარმოებს, ვისაც ექსპორტი გააქვს...

ამას დაამატეთ საბიუჯეტო დახმარებები (მაგალითად, ბოლო 5 წელიწადში საქართველოში საბიუჯეტო გრანტების 40%-ზე მეტი ევროკავშირზე მოდის), სხვადასხვა ტიპის მიკროსაფინანსო დახმარება და ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა ჯამმა, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა – მეტი დემოკრატიისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, მეტი ევროპისთვის საქართველოში.

ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს დახმარებაზე – 75 მილიონ ევროიან შეღავათიან კრედიტზე და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

დამატებით 75 მილიონი ევროს შეღავათიანი კრედიტი დღეს საქართველოსთვის უკეთესი სასამართლო სისტემისთვის ჯილდო უნდა გამხდარიყო. ჯილდო, რომლითაც, შეიძლებოდა, თუნდაც არსებული მძიმე ვალის ნაწილი გასტუმრებულიყო და გადავადებულიყო იმ 8 მილიარდზე მეტი დოლარიდან, რომელიც ქვეყანას აქვს, მათ შორის იმ 4,1 მილიარდ დოლარზე მეტიდან, რომელიც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ ისესხა; თუმცა, მეორე მხრივ, კარგი მენეჯერი 75 მილიონ ევროდ, რომელიც ჯამში 272 მილიონ ლარამდეა, მეტი ინოვაციური ან ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებას შეძლებდა, სადაც მეტი ადამიანი დასაქმდებოდა, დროებით მაინც, და რის შედეგადაც მეტ ადამიანს მიეწოდებოდა სოფელში წყალი, ან მეტი ადამიანი გაივლიდა ასფალტიან გზაზე, უფრო მალე გადაზიდავდა ტვირთს, უფრო ადვილად განახორციელებდა ექსპორტს, უფრო მეტ ტურისტს მოემსახურებოდა უფრო მაღალი ხარისხით და ა.შ., რაც სახელმწიფოს ეკონომიკურ ზრდაში და დამატებით შემოსავლებში შემოუბრუნდებოდა; სარწყავი წყლის ნაწილის უზრუნველყოფა შეიძლებოდა ზოგიერთ სოფელში, სადაც მცხოვრები ადამიანი მეტი პროდუქციის მოყვანას შეძლებდა და ნაკლებად დამოკიდებული იქნებოდა, პერსპექტივაშიც, სახელმწიფოზე; მეტ ნიჭიერ სტუდენტს შეიძლებოდა მიეღო დაფინანსება და საჭირო უნარების შეძენით საკუთარი ცოდნის ეკონომიკაში ჩაბრუნება მოეხდინა; მეტ მოსწავლეს შეეძლო ესწავლა გარემონტებულ და ინტერნეტით აღჭურვილ სკოლაში და მეტ ბავშვს მისცემოდა თუნდაც დისტანციაზე სწავლის შესაძლებლობა და ა.შ. მოკლედ, რა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი უკუგების მქონე ხარჯშიც არ უნდა ჩადებულიყო ეს 75 მილიონი ევრო, გრძელვადიან პერსპექტივაში, დაბალპროცენტიანობისა და შეღავათიანობის პირობებში, ეს თანხა ფინანსურადაც სწორედ ჯილდო იყო, და არა – ტვირთი. ბოლოს და ბოლოს, თუ გრძელვადიანი ეფექტის დანახარჯების გაწევას ვერ შეძლებდნენ, თუნდაც უკვე არსებული წამლის ყიდვა შეიძლებოდა კოვიდინფიცირებულებისთვის, რომ ახლობლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს ინტერნეტში და ხელზე არ ეძებდნენ...

აღარაფერს ვამბობთ თანხის მიღების წინაპირობაზე, რომელზეც სახელმწიფო ამ 75 მილიონთან ერთად, უარს ამბობს – უკეთეს სასამართლო სისტემაზე, რაც ქვეყენაში მეტი სამართლიანობის, ჩვენი უფლებების მეტი დაცულობის, მეტი ინვესტორის შემოსვლის, ანუ მეტი დასაქმების, მეტი ეკონომიკური ზრდის, მეტი კეთილდღეობის და უკეთესი ქვეყნის წინაპირობა უნდა გამხდარიყო.