მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება"

62b9e908c9399
BM.GE
27.06.22 21:38
925
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე იმსჯელეს.

„სამწუხაროდ, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა რუსული აგრესია და დღესაც აგრძელებს ბრძოლას ოკუპაციის და მისი მძიმე შედეგების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ მხოლოდ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შემდეგ გახდა შესაძლებელი რუსეთის რეალური სახის გაცნობიერება და მის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი მონაპოვარია 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიენიჭა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ, ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„თვალსაჩინოა პროგრესი, რომელსაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე მივაღწიეთ. სწორედ, ამ რეფორმებმა საქართველო მრავალი მიმართულებით, მიმზიდველ ქვეყნად აქცია მიუხედავად, იმ უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც ქვეყნის წინაშე დგას. უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, კანდიდატის სტატუსით საქართველო ჯერ ვერ სარგებლობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილია. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების იმ გზას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასწევს და დაგვაახლოვებს საბოლოო მიზანთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოსთან მიმართებაში, ევროპარლამენტის ბოლოდროინდელ შეფასებებს გამოეხმაურა.

„იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება ან სრულიად მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან საქართველოს ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს მოქმედება. მსგავსი შეცდომები მხოლოდ ზრდის საფრთხეებს და არ გვეხმარება მათ განეიტრალებაში. მოველით, რომ ევროპარლამენტი უკეთესი ანალიზის საფუძველზე და მეტი სიფრთხილით გააკეთებს საქართველოსთან მიმართებაში შეფასებებს. ევროკავშირის შემდგომი გადაწყვეტილებები დაგვეხმარება საერთო, ევროპული მიზნების გარშემო ერის გაერთიანებაში, ვინაიდან, სწორედ ეს სურს საქართველოს მოსახლეობის 85%-ს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა გახსნა.

სხდომაში მონაწილეობდა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი და ასევე, ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისა და გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები.