მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენს მიზანს, 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით"

614ac73a2c85c
ინგა მურუსიძე
22.09.21 10:13
482
"მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სადაც მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოველ კოლეგებთან ერთად", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პოლონელი პარტნიორები არიან სერიოზული მხარდამჭერები ევროკავშირის შიგნით იმისთვის, რომ სამი ასოცირებული ქვეყნის როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი უახლოესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში.

„ეს შესაძლებელია, იყოს განხილული, როგორც ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა და რა მხარდამჭერი როლი შეიძლება შეასრულოს პოლონეთმა, როგორც ევროკავშირში ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და ყოვლისმომცველი და დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - „მეტი მეტისთვის“ იყოს უზრუნველყოფილი და ჩვენ გვქონდა ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო დისკუსია.

ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ საქართველოს საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ჩვენი ამბიციური გეგმა, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იყოს მხარდაჭერილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.