მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპის 12 ლიდერი აიცრა „ასტრაზენეკათი“, ვინ თქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა არაა?" - ცერცვაძე

6081d733dbc7d
თამთა ჯიჯავაძე
23.04.21 00:10
936
ევროპის 12 ლიდერი აიცრა „ასტრაზენეკათი“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვაქცინების ეფექტიანობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აცრილებს  100%-ით იცავს მძიმე და სასიკვდილო შემთხვევებისგან და ეს ამერიკელების ავტორიტეტულმა კვლევამ უჩვენა.

„„ასტრაზენეკათი“ აცრილია დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ევროპის და მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი. „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“ აცრილია თანაბრად დაახლოებით 220 მლნ ადამიანი, ანუ თანაბარია მათი გამოყენება.

რაც შეეხება ხარისხს, ვინ თქვა, რომ „ასტრაზენეკა“ არ არის ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა და ვინ თქვა, რომ ის ჩამორჩება „ფაიზერს“, როდესაც ამერიკელების ყველაზე ავტორიტეტულმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ „ასტრაზენეკა“ იცავს აცრილებს 100%-ით მძიმე და სასიკვდილო შემთხვევებისგან. ევროპის 12 ლიდერი აიცრა „ასტრაზენეკათი“, მათ შორის ოთხი უდიდესი ქვეყნის წარმომადგენელი - ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და გერმანია.

ოთხი დღის წინ ანგელა მერკელი აიცრა „ასტრაზენეკათი“. მერკელს ყველაფერი შეეძლო, რომ ჰქონოდა, მაგრამ აირჩია „ასტრაზენეკა“. და ჩვენთან გამოდის შეცდომაში შეყვანილი, ან შეგნებულად დემაგოგი პირი და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მე არ ავიცრები არაფრით, გარდა „ფაიზერისა“. მერკელი იცრება და ჩვენი მოქალაქე უარს აცხადებს „ასტრაზენეკაზე““, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის პირველადი რეგისტრაციის პორტალზე დარეგისტრირებული მსურველების მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინა საქართველოში „ფაიზერი“ და „მოდერნაა“, ხოლო „ასტრაზენეკა“ მესამე ადგილზეა.