მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპული საქართველო" ეროვნული გამოცდების ერთი სავალდებულო ტესტით ჩაბარების ინიციატივით გამოდის

5e8d7d8551721
BM.GE
08.04.20 11:22
979
"ევროპული საქართველო" ეროვნული გამოცდების ერთი სავალდებულო ტესტით ჩაბარების ინიციატივით გამოდის და განათლების მინისტრს მიმართავს.

"ვეხმიანებით მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების მინისტრის გამოსვლას, სადაც ჩხენკელმა განაცხადა - ,, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ამ მომენტიდან უკვე დავიწყოთ მზადება რთული სცენარისთვის, ამიტომ ვთავაზობთ ხელისუფლებას გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს. ვფიქრობთ, შეთავაზებული წინადადებები, ან მათი მოდიფიცირებული ვარიანტი, შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს და, ამავდროულად, თავიდან ავიცილებთ საგანმანათლებლო სისტემის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებულ რისკებს.

ვფიქრობთ, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის გამოცდების შემცირებაზე. მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვიხილოთ ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი. უფრო ზუსტად, ვგულისხმობთ, არსებული საგნობრივი გამოცდების იმ ფორმით მოდელირებას, რომ ერთ სასესიო დროში აბიტურიენტებმა კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის პროგრამის შინაარსის ჩაბარება შეძლონ. ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით საგნობრივი ჯგუფების პროგრამის შინაარსის გაერთიანებას. ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვა სახელმწიფო დაფინანსების არსებულ მოდელთანაც.

ასევე, დროულად უნდა დავიწყოთ მუშაობა და ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც არიან დარეგისტრირებული აბიტურიენტები, მოხდეს საგამოცდო ცენტრების ჩამოყალიბება (მეტწილად სკოლებში) - უფრო ზუსტად, სამინისტრომ დაიწყოს ამ ეტაპზე გამოცდის ჩატარების პრინციპის დამუშავება, საგამოცდო ცენტრების აღჭურვისათვის საჭირო თანხის მოძიება. ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ოთხი სასესიო საგნობრივი გამოცდის პირობებში, ერთ ცენტრში აღსაჭურვი იქნება 5-25 საგამოცდო სივრცე ( უიშვიათესი შემთხვევა), რომელთა მართვა არსებული ადამიანური რესურსის პირობებშიც შესაძლებელია. ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი გულისხმობს აბიტურიენტების ინდივიდუალურ განთავსებას საგამოცდო ოთახებში, ხოლო ვიდეოთვალით აღჭურვილი თითოეული სივრცის მონიტორინგს ადგილზე შექმნილი მართვის მონიტორით.

აუცილებელია სკოლებმა გააგრძელონ დისტანციური სწავლების ის ფორმა, რაც დაწყებული აქვთ, მათ შორის იგულისხმება სატელევიზიო პლატფორმა ,,ტელესკოლაც“, თუმცა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის შეფასების მექანიზმები, რაც განსაზღვრავს მიმდინარე პროცესის სავალდებულო და აკადემიურ ხასიათს.

გამონაკლისი შემთხვევებისთვის შესაძლებელია, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, გამოყენებული იყოს ექსტერნის ფორმით ზოგადი განათლების მიღების აპრობირებული შესაძლებლობაც"-აცხადებენ "ევროპულ საქართველოში".