მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასის 10-15%-იანი ზრდა შენარჩუნდება, დიდ ნახტომს აღარ უნდა ველოდოთ" - "თეთრი კვადრატი"

6287a1be3aaa9
მარიამ იზორია
20.05.22 21:14
1119
დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ გენერალური დირექტორი შორენა დარჩიაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის კუთხით ომის დასაწყისში გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა ამ დროისთვის მოთხოვნა კვლავ მაღალია.

მისივე თქმით, სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის გამო, „თეთრი კვადრატის“ ბინებზე ფასები 15%-ით გაიზარდა, თუმცა მომატებული ფასების მიუხედავად, კომპანია მომხმარებელს ფასისა და გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს.

„ომის დასაწყისში იყო პირველი შოკი, თუმცა მომხმარებელმა მალევე გაიაზრა არსებული სიტუაცია და სექტორი თავის კალაპოტში ჩადგა. უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია. რუსეთ-უკრაინის ომმა სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდა გამოიწვია, მაგალითად არმატურაზე ფასი ყველაზე მეტად არის მომატებული, რადგან ძირითადი მომწოდებელი სწორედ უკრაინა იყო. აქედან გამომდინარე, დეველოპერულ კომპანიებს და მათ შორის ჩვენც ფასის 15%-მდე მატება მოგვიწია.

ვფიქრობ, ეს სიტუაცია დროებითია. კომპანიები მალე სხვა ალტერნატიულ მომწოდებლებს იპოვიან და ფასების გრძელვადიანი ზრდა აღარ იქნება, თუმცა ის 10-15%-იანი ზრდა, რაც დღეს უკვე გვაქვს შენარჩუნდება, დიდ ნახტომს აღარ უნდა ველოდოთ. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ უპასუხებს კომპანია გაზრდილ ფასს. აუცილებელია, რომ ჩვენ მომხმარებელს მოქნილი ფასი და გადახდის სისტემები შევთავაზოთ", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული ანგარიშის თანახმად, თბილისში კვადრატული მეტრი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი 10.7%-ით გაიზარდა და 899 დოლარს აღწევს.