08.სექტემბერი .2020 17:21

"FDI-ს ზრდა პასუხია მათთვის, ვინც ქმნის ილუზიას, რომ ინვესტორები გაურბიან საქართველოს"

views 324
უკან

საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ის სახით $237.8 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.5%-ით მეტია. თუმცა, 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამურად $409.6 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით $140.7 მილიონი დოლარით, ანუ 25.56%-ით ნაკლებია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ასევე პრემიერის მრჩეველმა გაავრცელეს განცხადებები, რომელშიც ინვესტიციების მცირე ზრდას პოზიტიურად აფასებენ.

Bm.ge-მ ნათია თურნავას დაუსვა შეკითხვა, მთავრობა მხოლოდ პოზიტიურ რიცხვებს ხომ არ უყურებს და ამით თავს ხომ არ იმშვიდებს?

„მსოფლიოში ახლა არის პანდემია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ინვესტიციები მსოფლიოში 40%-ით იკლებს და ამ ფონზე ეს პოზიტიური დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე კვარტალში, როცა გავხსენით ბიზნესები და ვაკონტროლებთ ეპიდემილოგიურ ვითარებას, არათუ არ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არამედ პოზიტიური დინამიკაც აჩვენა. აქ ძალიან დიდ როლს ასრულებს რეინვესტიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ჩადეს ფული საქართველოში, მიიღეს მოგება და იმის მაგივრად, რომ მოგება დივიდენდის სახით გაიტანონ ქვეყნიდან, გადაწყვიტეს კვლავ ქვეყანაში ჩადონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ინვესტორებს, აშშ-ს გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებს, დასავლელ ინვესტორებს სჯერათ ჩვენი ეკონომიკის მომავლის, ჩვენი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ მაჩვენებელი არის ძალიან ნათელი პასუხი ყველა იმ ოპონენტისთვის, ვინც ქმნის იმის ილუზიას, რომ ინვესტორები გაურბიან საქართველოს.

„გლობალური პანდემიის ფონზე ჩვენ ვაჩვენებთ პოზიტიურ დინამიკას და უფრო მეტად ენდობიან საქართველოს. ეს ყველაფერი კი საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ეკონომიკის მინისტრი, რომ პანდემიამ საქართველოსადმი ნდობა გააჩინა იმ ფონზე, რომ წლებია ინვესტიციები იკლებს ქვეყანაში, თურნავა პასუხობს:

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2017 წელს მივაღწიეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პიკს, რას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო პროექტმა, ეს არის შაჰდენიზის მეორე ფაზა, რომელიც მართლაც განსაკუთრებული პროექტია. ახლა პანდემიის მიუხედავად, გვაქვს პოზიტიური დინამიკა. პანდემიამ ზოგადად შეგვიშალა ხელი, მაგრამ თუ თქვენ შეხედავთ დარგობრივ ჩაშლას, ეს არის ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი, მომპოვებელი ინდუსტრია და გადამამუშავებელი ინდუსტრია. ინვესტორები ახლა ითხოვენ სწორედ სტაბილურ პლატფორმას ინვესტიციების კუთხით. საქართველო ამ ფონზე გამოიყურება სტაბილურად, კეთილსაიმედოდ და ეს ჩანს“.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ენერგეტიკაში, მშენებლობაში, მომპოვებელ და გადამამუშავებელ, ასევე საფინანსო სექტორში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო და მოსალოდნელია კიდევ ზრდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა