მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფერმები ერთმანეთის მიყოლებით იკეტებიან" - “მომავლის ფერმერი” მთავრობას მიმართავს

60bf48ab8bd92
თელარა გელანტია
08.06.21 14:36
1933
“მერძევეობის დარგში ცუდი ამბებია და თუ სიღრმისეულად არ მიეხედა, პროცესები შეუქცევად ხასიათს იღებს”, - ამ შინაარსის განცხადება სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, „მაღალპროდუქტიული ჯიშის მერძეული ფერმები ერთმანეთის მიყოლებით იკეტებიან ან წარმოებას ანახევრებენ“.

„შირაქი“, რომელიც ქვეყანას ყოველდღიურად 4-4.5 ტონა რძეს აწვდიდა და დარგის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე იყო, ბაზრიდან გადის. 400-სულიანი ჰოლშტეინის ჯიშის მერძეული ფერმიდან ნიკოლოზ ბენიაიძე მხოლოდ 20-30 სულს იტოვებს, დანარჩენს ყიდის. ფერმერი ბოლო წლების განმავლობაში დარგში არსებულ კრიტიკულ საკითხებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე, მერძევეობის გასაჭირზე მუდმივად საუბრობდა, თუმცა, პრობლემები მაინც ვერ მოგვარდა და 8 მლნ ინვესტიციის სამწუხარო დასასრულიც ასეთია. საინტერესოა, რომ ამ 8 მლნ-დან 3 მლნ იაფი სესხის ფარგლებში გაღებული ინვესტიციაცაა. სახელმწიფო დანახარჯების ეფექტიანობა კიდევ ცალკე თემა და კვლევის საგანია. ნიკოლოზ ბენიაიძის გარდა, სულადობის განახევრება მოუწია ფერმა „შტორსაც“ (მამუკა კობახიძესაც), რომელიც ბაზარს 3 ტონამდე რძეს აწვდიდა. ერთი კვირის წინ დაიხურა „მწვანე რანჩოც“ (დღიური მიწოდება 1,5- 2 ტონამდე ქონდა).

გამძლეობა და წარმატება ყველა ფერმერს, რომელიც რძის სექტორში რჩება. სახელმწიფოს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დროულად ჩაუღრმავდეს დარგის ყველა პრობლემას და მოქმედ ფერმებთან, კერძო სექტორთან ერთად იფიქროს გადაჭრის იმ გზებზე, რომლებიც მას ხელეწიფება და რომლებიც დარგის გადარჩენისთვის სასიცოცხლოა“, - ნათქვამია facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

უფრო კონკრეტულად - რა პრობლემები აქვს დღეს მერძევეობის სექტორს და რა სჭირდებათ გადასარჩენად, Bm.ge გეგმავს, ბაზრის მოთამაშეებს დაუკავშირდეს და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.