13.დეკემბერი .2019 13:25

"ფორბსმა" ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

views 329
უკან

გამოცემა "ფორბსმა" გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. გამოცემის განმარტებით, მერკელი ევროპის დე ფაქტო ლიდერად რჩება და ასევე, მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ ეკონომიკას. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი მართველობის პერიოდში გერმანიის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდა და აღმავლობის გზას დაადგა.

100 გავლენიანი ქალის სიას "ფორბსი" ყოველწლიურად აქვეყნებს. მსოფლიოს გავლენიანი ქალების რეიტინგში მეორე ადგილზეა ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი, რომელიც მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა.

მესამე პოზიციაზეა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი. ხუთეულში ასევე შედის გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც პირველი დეკემბრიდან ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს. მეხუთე ადგილზეა ამერიკული კომპანიის "ჯენერალ მოტორსის" გენერალური დირექტორი მერი ბარა.

"ფორბსის" მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ასევე მოხვდნენ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე (მე-40 ადგილი), აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი – (42-ე ადგილი), მომღერლები რიანა (61-ე ადგილი), ბიონსე (66-ე ადგილი) და ტეილორ სვიფტი (71-ე ადგილი).

რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს 16 წლის ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც გამოცემა "თაიმმა" "წლის ადამიანად" გამოაცხადა.