16.აგვისტო .2019 13:09

"ფორსაჟი 9"- ის შემდეგ საქართველოში შესაძლოა სერიალებიც გადაიღონ

views 835
უკან

პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღების შემდეგ, რომელიც მსოფლიო კინოეკრანებზე 2020 წლის სექტემბერში უნდა გამოჩნდეს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი ახალი პროექტების განხორციელებას ვარაუდობს.

"რამდენიმე დღეში გადაღებები დაიწყება. ეს იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ბევრი პროექტი კიდევ მოჰყვება. შემდეგ ფილმებზე უკვე A კლასის ჰოლივუდელი ვარსკვლავები ჩამოვლენ, რასაც მომზადება დასჭირდება და ჩვენ ამ დროს და ამ გაკვეთილებს რაც ვისწავლეთ "UNIVERSAL"_თან მუშაობის დროს და რასაც გადაღებებისას ვისწავლით, აუცილებლად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ და მოქნილი გავხადოთ სისტემა, რომლითაც "UNIVERSAL"-ის წარმომადგენლები აღფრთოვანებულები არიან, "- ამბობს მიხეილ ხიდურელი.

რაც შეეხება სხვა მომავალ პროექტს, "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით რამდენიმე მსხვილ ფილმზე კონსულტაციები ამ დროისთვის უკვე დაწყებულია. მისივე განმარტებით კომუნიკაცია "UNIVERSAL"-ის გარდა კიდევ რამდენიმე სტუდიასთან მიდის და საუბარი ფილმების გარდა მაღალბიუჯეტიან სერიალებზეც არის.

"ზოგადად გართობის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა და ნელ-ნელა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან წილს იკავებს და მარტივი პროცედურების და მოქნილი გარემოს კომერციალიზაცია ხდება და რაც ყველაზე მთავარია ულამაზესი ბუნების, ლანდშაფტებისა და სიძველის კომერციალიზაცია ხდება. არ მგონია, რომ ფილმზე და სერიალზე უფრო ეფექტური სხვა მარკეტინგული საშუალება არსებობდეს და ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენთან იხარჯება ძალიან დიდი თანხა და ამავე დროს ჩვენ ვიღებთ უფასო მარკეტინგულ რეკლამას. იმ თანხას, რაც უნდა დაგვეხარჯა მარკეტინგში იმისთვის, რომ მიგვეღო იმხელა წვდომა რასაც "ფორსაჟით" მივიღებთ, რომ დავუმატოთ ის, რასაც ამ გადაღებებით ვიღებთ კოლოსალურ თანხებზე გავდივართ. ამიტომ არის ეს ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და არა მარტო ტურიზმის კუთხით",- ამბობს BMG-სთან მიხეილ ხიდურელი.
"ფორსაჟი 9"- გადაღებები რამდენიმე დღეში დაიწყება და თბილისის გარდა რუსთავშიც გაიმართება.

გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე” . ზუსტ განრიგს როდის მოხდება გადაღებების დაგეგმვა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.

გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა