22.აგვისტო .2019 10:25

"ფორსაჟის" გადაღებებისთვის ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება

views 259
უკან

ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9"–ის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ "დელისამდე" მონაკვეთს მოიცავს.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ზემოთხსენებულ პერიოდში პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ "დელისის" მიმართულებით კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, ხოლო ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავ შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით.

გარდა ამისა, მიცკევიჩისა და იონა ვაკელის ქუჩების გავლით მოძრავი ავტობუსი N47 და N171 მიკროავტობუსი მეტროსადგურ "დელისთან" ცინცაძის, ვლადიმერ და არჩილ ასათიანებისა და თამარაშვილის ქუჩების მეშვეობით მოხვდებიან.

24 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა კვლავ რესპუბლიკური საავადმყოფოდან მეტროსადგურ "დელისის" მონაკვეთზე გავრცელდება.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 27 აგვისტოს 18:00 საათიდან აღდგება.