14.იანვარი .2022 21:40

"ფრეკოს" კარტოფილი ფრის წარმოება კვლავ გაჩერებულია

"ფრეკოს" კარტოფილი ფრის წარმოება კვლავ გაჩერებულია
views 522
უკან

კარტოფილი ფრის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია "ფრეკო" წარმოების აღდგენას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. საწარმო თითქმის 1 წელია, რაც გაჩერებულია.

კომპანიის წარმომადგენელი bm.ge-სთან განმარტავს, რომ ქარხნის დახურვის ძირითადი მიზეზი პანდემია და კოვიდსიტუაციის შედეგად შექმნილი პრობლემები იყო, რამაც ჰორეკა სექტორი შეაფერხა და შესაბამისად კარტოფილ ფრიზე მოთხოვნაც გაანახევრა.

“ჩვენი პროდუქციის გაყიდვების დაახლოებით 15% ჰორეკა სექტორზე მოდიოდა. პანდემიის გამო სექტორი შეფერხდა, რამაც ფრიზე მოთხოვნის განახევრება გამოიწვია, ბაზარს იმპორტირებული პროდუქტი ჰყოფნიდა. რაც შეეხება მუშაობის განახლებას, როცა ამას გადავწყვეტთ, ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, თუმცა ამ დროისთვის ჩვენი გადმოსახედიდან ბაზარზე სტაბილური მდგომარეობა არ არის”, - აღნიშნავს ის.

ინფორმაციისთვის, გაყინული კარტოფილი ფრის რეალიზაციას ჰორეკა სექტორის გარდა, კომპანია სხვადასხვა ქსელურ მარკეტში ახდენდა. მათ შორის "ნიკორასა" და "გუდვილში". აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 1 მლნ ლარს აჭარბებდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა