მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრონტერას" წამოწყებულ კამპანიაში ჩართული აღმოჩნდა აშშ-ის კონგრესის რამდენიმე წევრი - სამინისტრო

5f194965503a2
BM.GE
23.07.20 12:21
1265
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამერიკულ კომპანია “ფრონტერასთან” ხელშეკრულებას აღარ მოშლის.

ვრცელ განცხადებაში, რომელზეც ამ თემაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ მხარეებს შორის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ფრონტერამ” “გააჩაღა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯის დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი რუტინული სამართლებრივი დავის საერთაშორისო განზომილების პოლიტიკურ კონფლიქტად წარმოჩინება იყო”.

“სამწუხაროდ, „ფრონტერა“-ს მიერ წამოწყებულ კამპანიაში ძალაუნებურად ჩართული აღმოჩნდა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რამდენიმე წევრი - საქართველოს მეგობარი კონგრესმენები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების თაობაზე არსებითად მცდარ ინფორმაციას ისევ „ფრონტერა“-ს მესვეურები და მათ მიერვე დაქირავებული ლობისტები აწვდიდნენ”,- ნათქვამია განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება აღარ მოშალონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ:

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერა“ - სთან დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში ,,ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ. საქართველოს საინვესტიციო იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, პირველ რიგში, ამერიკის ბიზნესწრეებთან კავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

და ბოლოს: აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ“-ს საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც, სასურველია კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით.

ამგვარი მიდგომით ხაზს ვუსვამთ საქართველოს გულწრფელ სურვილს, ღია და გამჭვირვალე იყოს ურთიერთობა ,,ფრონტერასთან,, რისთვისაც ასევე სასურველია კომპანიამ გაასაჯაროვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი, რომელიც არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და რომელიც ნათელს მოჰფენს დავის საგანს. საკითხის მიმართ ჭარბი ინტერესი და სპეკულაცია ამით დასრულდება და დაინტერესებული მხარეები (აშშ-ს სენატორებისა და კონგრესმენების ჩათვლით) სათანადო ინფორმაციას ღია წყაროდანაც მიიღებენ”,- ნათქვამია განცხადებაში.