მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრუტჩხელა" - ქართველი მორაგბის ბიზნესი საფრანგეთში

5df5ebeb4ced5
ანი ციხისთავი
15.12.19 13:05
5032
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი შალვა სუთიაშვილი საფრანგეთში მეუღლესთან ერთად სახეცვლილ ჩურჩხელას – "ფრუტჩხელას" ყიდის. ამის შესახებ მან Bm.ge-თან ისაუბრა.

პროდუქტი ტრადიციული ქართული ჩურჩხელასგან ფორმებით განსხვავდება. სუთიაშვილის თქმით, “ფრუტჩხელას” პატარა ტაბლეტების, კანფეტების ფორმა აქვს.

"ჩურჩხელაში ძაფი დისკომფორტს წარმოადგენს, მისი ფორმაც ცოტა უცნაურია უცხოელებისთვის. პროდუქტი იმითაა განსაკუთრებული, რომ ტრადიციული გემოთი და არატრადიციული ფორმებით გამოირჩევა. ასეთ პროდუქტს საქართველოში წავაწყდი და მაშინვე გამიჩნდა იდეა, რომ ფრანგებისთვის გამეცნო.

რადგან სპორტსმენი ვარ, გადავწყვიტე, "ფრუტჩხელა" უფრო სპორტსმენ და სხვა ფიზიკურად აქტიურ მომხმარებელზე მომერგო. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ისედაც ნატურალურია, დიეტოლოგებთან უამრავი კონსულტაციის შედეგად კიდევ უფრო შევამცირეთ მასში შაქრის დონე", - აცხადებს სუთიაშვილი.

“ფრუტჩხელა” ფრანგულ სპორტულ მაღაზიათა ქსელებში, პატარა სპორტულ მაღაზიებსა და რამდენიმე სპორტულ კლუბში იყიდება. კომპანიის დირექტორის განცხადებით, “ფრუტჩხელა” ბავშვთა სპორტშიც პოპულარულია. პროდუქტი ექსპორტზეც გადის გერმანიაში. ამ ეტაპზე “ფრუტჩხელას” გაყიდვა Duty Free-ის მაღაზიებში იგეგმება. სუთიაშვილის თქმითვე, დეგუსტაციის მიზნით პროდუქტს ხშირად გზავნიან სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც დიეტოლოგები სინჯავენ და როგორც წესი, დიდ დაინტერესებას იჩენენ.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, პროდუქტის ფასი ფრანგულმა მაღაზიებმა თვითონ დააწესეს, რაც საკმაოდ რთული პროცესი იყო, რადგან პროდუქტის ზუსტი ანალოგი საფრანგეთში არ არსებობს.

“ფრუტჩხელას” საწარმო საქართველოში, სოფელ დიღომში მდებარეობს. ამ ეტაპზე საწარმო 6 ადამიანს ასაქმებს, თუმცა კომპანიის დირექტორის განცხადებით, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, თებერვლისთვის 20–მდე გაიზრდება.

“რადგან პროდუქტი ინოვაციურია, საფრანგეთში გვთხოვეს, სრულად მათ ქვეყანაში წარმოებულიყო. ჩვენ არ გვინდოდა, ასე მომხდარიყო, ამიტომ ავუხსენით, რომ ის საქართველოში, ქართული ნედლეულის საშუალებით უნდა დამზადებულიყო, რაზეც საბოლოოდ დაგვთანხმდნენ”, – აღნიშნა სუთიაშვილმა.

“ფრუტჩხელა” ქართულ ბაზარზე შემოსვლასაც გეგმავს. ეს სავარაუდოდ, 2020 წელს მოხდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან "ფრუტჩხელა" ამ ეტაპზე საექსპორტო პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.

ბრენდის სახელი კი, სუთიაშვილის განცხადებით, ქართული ბაზრისთვის პირდაპირ გადმოითარგმნება და “ხილჩხელა” იქნება.

“სიახლეები იქნება, მაგრამ ეს მომდევნო ეტაპია. ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს იმ პროდუქტითაც, რაც უკვე გვაქვს”, - აცხადებს კომპანიის დირექტორი პროდუქციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.