მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაჭიანურებული დავები საინვესტიციო გარემოზე ცუდად მოქმედებს, სასამართლო თავად ხდება კანონდამრღვევი"

631b1ddc6186a
მარიამ დემეტრაშვილი
11.09.22 22:41
687
იურიდიული ფირმა BLB-ის დამფუძნებელმა, კახა შარაბიძემ bmg-სთან საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. დროში გაჭიანურებული დავები, მოსამართლეთა მიკერძოებულობა და მათი კვალიფიკაცია ის მიზეზებია, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის იმიჯს და საინვესტიციო გარემოს აზიანებს.

კახა შარაბიძე ამბობს, რომ სასამართლო თავად ხდება კანონდამრღვევი, როდესაც საქმეების განხილვა წლობით იგვიანებს.

„სასამართლოში არსებული ხარვეზები ძალიან მძიმე გავლენას ახდენს ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოზე. სამი მთავარი პრობლემა იკვეთება - დროში გაჭიანურებული დავები, კომერციულ დავებში მოსამართლეების კვალიფიკაცია და სასამართლოს მიკერძოებულობა ზოგიერთ შემთხვევაში.

უცნაურობა იმაშია, რომ დავების განხილვის ვადები კანონმდებლობაში საკმაოდ კარგად არის გაწერილი, თუმცა არასოდეს არ ხდება მისი დაცვა. ჩვენ ვერ ვუხსნით კლიენტებს, რატომ არღვევს სასამართლო კანონს და რატომ სჭირდება დავის განხილვას 1 ან 2 წლით მეტი. ამის მიზეზად ხშირად გაიგებთ, რომ მოსამართლეები გადატვირთულები არიან, ვიცით, რომ მათ ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ სასამართლო თვითონ ხდება კანონდამრღვევი ვადებთან მიმართებით. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საქართველოს იმიჯზე, საინვესტიციო გარემოზე მოქმედებს.

მეტსაც გეტყვით, ჩვენს კლიენტებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ იქნებ პირდაპირ მიმართონ საერთაშორისო არბიტრაჟს და თავი აარიდონ იმ რისკებს, რაც ახლავს ქართულ სასამართლოს, გაჭიანურებულ დავებს, არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლობის პრობლემებსაც კი“, - აცხადებს შარაბიძე.

კახა შარაბიძე იმასაც დასძენს, რომ საერთაშორისო გამოცემების რეიტინგებში საქართველოს დაწინაურება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები ასეთივე წარმატებით შემოდის.

„საქართველო ხშირად დაწინაურებულია ძალიან ბევრი გამოცემის რეიტინგში, საკმაოდ წამყვანი ადგილები უჭირავს და რეგიონში გამოვირჩევით, მაგრამ ეს არასოდეს პირდაპირ არ აისახება უცხოური ინვესტიციების ოდენობაზე. ამ რეიტინგებს ინვესტიციების ზრდა არასოდეს მოჰყვება.  ანუ ის ფაქტი, რომ შეგიძლია კომპანია ერთ დღეში დაარეგისტრირო, არ ნიშნავს, რომ ამის გამო ქვეყანაში კომპანიები ინვესტიციებს განახორციელებენ. ეს კარგი კომპონენტია, მაგრამ არა გადამწყვეტი და არა საკმარისი“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.