მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაგვიზარდეთ ნუმერაციის საფასური, რათა “მედია აკადემია” დაგეფინანსებინათ" - ჯოხთაბერიძე ბექაურს

61cc384cde64c
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.21 15:00
951
“მაგთის” დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში კომისიამ დარგის განვითარების ხელისშემშლელი გადაწყვეტილებები მიიღო.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე კომისიის 2020 და 2019 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. გია ჯოხთაბერიძის განცხადებით, კომისიამ ამ ანგარიშიდან დამალა ინფორმაცია იმაზე, რომ მან მობილურ ოპერატორებს გაუზარდა ნუმერაციის საფასური და ის თითოეულ ნომერზე არსებული 10 თეთრიდან 25 თეთრამდე გაზარდა. “მაგთის” დამფუძნებელი ამბობს, რომ გაზრდილი თანხით კომისიამ “მედია წიგნიერების” პროექტი დაიწყო, იქ კი კომისიის ხელმძღვანელის ოჯახის წევრი დასაქმდა.

“თქვენი ოჯახის წევრი დაასაქმეთ იმ სტრუქტურაში, რასაც ქვია “მედია აკადემია”.

10 თეთრი იყო ნუმერაციის მოსაკრებელი, რასაც ვიხდიდით. ეს გადმოიტანეთ თქვენთან და გაზარდეთ 25 თეთრამდე ანუ 150%-ით გაზარდეთ. ყოველწლიურად რამდენი ნომერიც აქვს თითოეულ კომპანიას, იმაში 25 თეთრს ვუხდით. ამოიღეთ 2019 ან 2020 წლების ანგარიშები, სადმე ნახსენები გაქვთ რომ ეს გაზარდეთ?! შემდეგ ეს თანხა მიმართა მედია აკადემიაში, სადაც თავისი მეუღლე დაასაქმა.

ჩვენ გვაქვს მრავალგვერდიანი ანგარიში თუ რა აქვს ბატონ კახას დარღვეული. მთელი მისი მოღვაწეობა არის უარყოფითი. ამას ადასტურებს ისიც, რომ უცხოური კომპანიები გავიდნენ საქართველოდან,” - განაცხადა “მაგთის” დამფუძნებელმა.

2019 წელს კომუნიკაციების კომისიის შემოსავლები წინა წელთან შედარებით გაიზარდა, დაახლოებით, ორი მილიონი ლარით, რაც რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავლების ზრდამ განაპირობა. იქამდე ეს მოსაკრებელი 0.10 ლარი იყო, შემდეგ კი 0.25 ლარი გახდა.

რაც შეეხება კახა ბექაურის მეუღლის, ეკა ბერიძის “მედია აკადემიის" საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის საკითხს, "მედია კადემიის" Facebook-გვერდის მიხედვით, მან მასტერკლასები 2020 წელს ჩაატარა, თუმცა 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, აკადემიიდან ანაზღაურება არ მიუღია. ცნობისთვის: ეკა ბერიძე GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი და “ორი ნაბიჯის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.