07.ნოემბერი .2019 20:20

"გამარჯვების შემდეგ, უზარმაზარი ყუთი მივიღე საქართველოდან" - ზაზა ფაჩულია ქართულ ბრენდ CROSTY-ის პარტნიორი გახდა

views 767
უკან

NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია ამერიკულ გამოცემა slamonline.com-თან ინტერვიუში სპორტული ფეხსაცმლის ქართულ ბრენდზე საუბრობს. როგორც სპორტსმენი აცხადებს, მასა და CROSTY-ს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობაა.

 

"CROSTY-სა და ჩემი გზები ძალიან საინტერესოდ გადაიკვეთა. პირველი ჩემპიონატის გამარჯვების შემდეგ, უზარმაზარი ყუთი მივიღე საქართველოდან. ყუთის ხარისხიდან გამომდინარე, ჩანდა, რომ სერიოზული იყო. გავხსენი, შიგნით წერილი იდო: პირველ ჩემპიონატში გამარჯვებას მილოცავდნენ და ამბობდნენ, როგორი ამაყები იყვნენ ჩემით, და მიგზავნიდნენ საჩუქარს. ასე რომ, მე ეს ამოვიღე და ფეხსაცმელი აღმოჩნდა. ბოტასები იყო. თან ჩემი საყავრელი ფერი - თეთრი. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ეს არის ქართული კომპანია Crosty, რომლის შესახებაც მე იმ დრომდე არაფერი მქონდა გაგებული. ძალიან მომეწონა და გავოცდი, თუ როგორ იცოდნენ ჩემი ზომაც. ასე რომ, მე დავგუგლე და წავიკითხე ამ კომპანიის შესახებ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მინდოდა ამ ადამიანებთან შეხვედრა და მათი მხარდაჭერა, რადგან მათ პროდუქციაში ხარისხი იგძნობა", - იხსენებს ინტერვიუში NBA-ს ქართველი ვარსკვლავი.



ფაჩულიას თქმითვე, ის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კომპანიას დაუკავშირდა და მათ დამფუძნებლებს შეხვდა. პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის, ხოლო მეორე უკვე საქმიანი იყო. ისაუბრეს, თუ როგორ შეეძლო NBA-ს სპორტსმენს კომპანიის პოპულარიზაციაში დახმარება.



"ძირითადად, კომპანიაში არიან ძმები მიქაიები, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ აფხაზეთის რეგიონში. ეს საქართველოს ის რეგიონია, რომელიც ახლა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე არ ვცდილობ პოლიტიკაში შესვლას, მაგრამ ომის შემდეგ, ხალხი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა, ყველაფერი მიეტოვებინა და მხოლოდ ტანსაცმლის ამარა წამოსულიყო იქიდან... ძმები მიქაიები აფხაზეთიდან თბილისში წამოვიდნენ, და გადაწყვიტეს, ცხოვრების გზა ეპოვნათ. მათ თქვეს, თუ თავისუფლებისკენ გინდა იარო, მოხერხებული ფეხსაცმელები გესაჭიროება, ასე დაიწყეს ფეხსაცმელების წარმოება", - ამბობს ფაჩულია.



NBA-ს ორგზის ჩემპიონი ამბობს, ბრენდის მიღმა ენერგიული და მოტივირებული ხალხია, რომელთაც დიდი გეგმები აქვთ. ფაჩულიას თქმით, ის ამაყობს, ამ კომპანიასთან ურთიერთობით. როგორც სპორტსმენი აცხადებს, ის CROSTY-ს პარტნიორი გახდა და მათი ერთობლივი მიზანია ბრენდი ცნობილი და მომგებიანი გახდეს.